LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2025 ურთულესი წელი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის… შემდეგ წელს იწყება ახალი ციკლი…“ – თაკო მელიქიშვილის პროგნოზი შემდეგი წლისთვის – რატომ აარჩია ცნობილმა მომღერალმა ახალ პროფესიად ციფრული ფსიქოლოგია

293
თაკო-მელიქიშვილი

თაკო მელიქიშვილს საზოგადოება მომღერლად და რადიოწამყვანად იცნობს, თუმცა გარკვეული პერიოდის წინ მან ციფრული ფსიქოლოგია შეისწავლა და ხშირად გვიზიარებს ასტროპროგნოზებსაც, ასევე სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის აღწერას.

თაკო, ყველა გიცნობდა, როგორც მომღერალსა და რადიოწამყვანს. ბოლო პერიოდში კი გაგიცანით, როგორც ასტროლოგი. როგორ დაიწყე ეს საქმიანობა?

რა თქმა უნდა, ასტროლოგია კარგია, მაგრამ ციფრული ფსიქოლოგიაა ის, რაც ჩემი პროფესია გახდა ბოლო ერთი წელია. რამდენიმე სკოლა დავამთავრე, ამ მხრივ კარგი განათლება მივიღე, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავეხმარე… დღემდე ვსწავლობ. ჩემ შემთხვევაში უფრო მარტივია ემოციებთან გამკლავება, მას შემდეგ, რაც ეს პროფესია ავითვისე. ადამიანები ვართ და რაც უნდა გამოცდილი ციფრული ფსიქოლოგი იყო, ემოცია მაინც მოდის, თუმცა ვიცი ხერხები, როგორ უნდა გავუმკლავდე და დავბლოკო…

შენს ვლოგებს ზოდიაქოების თემაზე საკმაოდ დიდი ნახვები აქვს სოციალურ ქსელში. თუ მოგმართავენ თქვენ პირადი კონსულტაციისთვის?

სადაც უნდა შევიდე, ყველგან მეკითხებიან, ამა და ამ რიცხვში დავიბადე და ჩემი ფინანსური კოდი მაინტერესებს, როგორი იქნება წლის ენერგიაო. მთავარი ისაა, რომ დაიჯეროთ თქვენი სურვილებისა და ოცნებების. თუ გარკვეულ პრაქტიკებთან ერთად არ დაიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მოხდება, რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება. მხოლოდ ფინანსური კოდის დაწერით და მისი შენახვით, შემდეგ კი სავარძელზე ჯდომით არაფერი მოხდება. მხოლოდ სიტყვებით ცვლილებები შეუძლებელია, ქმედება მნიშვნელოვანია. რამდენად დადებითად იწყებ დილას, რამდენად მადლიერი ხარ, როცა იძინებ და იღვიძებ. საუკეთესო პრაქტიკაა, როცა მადლიერებას გამოხატავ ძილის წინ. გასათვალისწინებელია, რომ გაუშვათ ის ნეგატიური ენერგია, რაც დღის განმავლობაში დაგროვდა.

მიხარია, როცა ქუჩაში მხვდებიან და მეფერებიან. როცა შენი პროფესიით ადამიანების დახმარება შეგიძლია, ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება. რა თქმა უნდა, ამას გამოვხატავდი რადიოს საშუალებითაც, ან სცენაზე, როდესაც შენს სიმღერას აუდიტორიას უზიარებ, მსმენელი კი მღერის შენთან ერთად, გვიხარია ერთად…

ბედნიერი ვარ, რომ ერთი წლის წინ წავედი საქართველოდან. სწორედ მაშინ დავინტერესდი ციფრული ფსიქოლოგიით, როცა რეალურად მჭირდებოდა დახმარება… წარსულით არ უნდა იცხოვრო, ის უნდა გაუშვა ცხოვრებიდან, გარკვეული ტრავმები ყველა ჩვენგანს აქვს და სულ სხვას ვადანაშაულებთ. მეც მსგავს პრობლემებში ვიყავი, გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე, – როცა გგონია, რომ სხვა ადამიანმა უნდა გიშველოს და ვერ ხვდები, რომ შენ უნდა წამოდგე და შეძლო საკუთარი თავის რეალიზება.

ადამიანები ტყუილად არ იბადებიან კონკრეტულ თარიღებსა და წლებში. ყველაფერი ეს გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს. თითოეულ ციფრს თავისი მნიშვნელობა აქვს. მე ვამზადებ კონკრეტულ ბედის მატრიცებს ზრდასრულებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, რაც მშობლებს აინტერესებთ. რა პროფესია შეგვეფერება, რა ტალანტები შეიძლება გვქონდეს დაბადებისთანავე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაზე უნდა იზრუნო, რომ არ გქონდეს პრობლემები. ეს არ არის ეზოთერიკა, ეს არ არის მაგია, არც ასტროლოგია, ეს არის სტატისტიკა. პერსონალურ რუკას ვამზადებ, რომელიც თვეების მიხედვით არის გაწერილი და ის გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში.

2025 წლის დეკემბრისთვის გაგვიზიარე შენი პროგნოზი – ვისთვის იქნება ეს პერიოდი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი და რატომ?

2025 წელი ზოგადად იყო შეჯამებისა და დასრულების წელი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრისთვის დიდი სიახლეების წელიც იყო. 2025 წლის დეკემბერში ყველას ვურჩევ, რომ გადაყარონ ან გააჩუქონ, გაყიდონ ზედმეტი ნივთები, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც სიახლე მოვიდეს. დეკემბრის ფავორიტი ნიშნები არიან თხის რქა, თევზები და მშვილდოსანი.

ცალკე გვითხარი, ვის ექნება საუკეთესო პერიოდი 2026 წელს – რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან ფავორიტები?

ნათალურ რუკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ 2026 წლის დასაწყისი კარგი იქნება შემდეგი ნიშნებისთვის – მშვილდოსანი, კურო, მერწყული, ტყუპები, მეორე ნახევარი – კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის. 2025 წელი მართლაც ძალიან რთული იყო ავარიების, ავიაკატასტროფების, ჯანმრთელობის მხრივ, ეს წლის დასაწყისშივე აღვნიშნე. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ და სრულდება. იწყება ახალი ციკლი, მზის ენერგიით. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი, უნდა აღინიშნოს, რომ შემოვა თებერვალში. აქცენტი უნდა გავაკეთოთ ყვითელსა და ოქროსფერზე. შავი, ნაცრისფერი და ცისფერი ფერები არ შეიძლება. უნდა გქონდეთ ოქროსფერი საფულე. სათამაშოს სახითაც ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ ფულის სათამაშო, მანქანა, თუ მანქანის ყიდვა გსურთ და გასაღები, თუ სახლის ყიდვა გსურთ… თუ არ გაქვთ სათამაშოს ყიდვის საშუალება, დახატეთ და დადეთ.

1, 10, 19 და 28-ში დაბადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებულად კარგი წელიწადი იქნება, თუმცა ყველა ციფრს და ზოდიაქოს შეუძლია იყოს ბედნიერი, მთავარია, არ გვეშინოდეს ცვლილებების, მიზანი უნდა გქონდეს აუცილებლად. სურვილების ჩაფიქრებისას ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, რა სარგებლობას მოუტანს სამყაროს და სხვა ადამიანს და არა მხოლოდ თქვენ. აფირმაციასა და პრაქტიკებს არანაირი აზრი არა აქვს, თუ არ გჯერათ, ამას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ…

თაკო, დაბოლოს მინდა გაიხსენო რაიმე საინტერესო ამბავი შენი კონსულტაციებიდან – ვინმეს ცხოვრება ხომ არ შეცვალე უკეთესობისკენ?

ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი მყავს გარშემო… ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან, რომელიც გაჟღენთილი იყო ყოფილი მეუღლეების მიმართ წყენით და იყო საშინელ მდგომარეობაში. მარტო გონებიდან კი არა, გულიდანაც უნდა გაუშვა ადამიანები. მოინდომე და გულით უსურვე, რომ კარგად იყოს-მეთქი. ამ ქალბატონმა დამიჯერა და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. პერსონალური თვის მიხედვით მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც უნდა იქორწინოს 2026 წელს. ციფრები ცვლიან ცხოვრებას. მე ამის მჯერა და მწამს. ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. ვიპოვე ჩემი ადგილი და დანიშნულება, ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ძალიან მომწონს ეს პროფესია.

ბედის მატრიცის თემას რომ დავუბრუნდე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ურთიერთობა გაქვს შენს გვართან, პატივი უნდა სცე, რადგან ის გაძლიერებს და გაძლევს ძალას, რომ შეძლო წარმატებას მიაღწიო პარტნიორულ ურთიერთობებსა თუ ფინანსურ თემებში. არ შეიძლება, წყენა მშობლების მიმართ – რომ გავჩნდით, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g