პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები I მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ კვირას დაიწყო და დღეს, პლენარულ სხდომაზე I მოსმენით გავიდა.
76 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი – ახალი “საარჩევნო კოდექსის“ ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და მუნიციპალური არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება.
პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრები წარადგინონ. უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს ექნება.
კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. კერძოდ, სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი – სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად, ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება.
ამავე პროექტით, საარჩევნო კომისიის წევრობა აეკრძალება სისხლის სამართლის წესით ნასამართლევ პირს – მათ შორის მასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა.
პროექტით ასევე დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიომონიტორინგი აკრძალული იქნება.
იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხებიც – კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ ადამიანს, სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა აეკრძალება.
