პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რატომ აქვს Eagle Hills-თან არსებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი.
როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მისი მოსმენისას განაცხადა, ეს არის პარტნიორი კომპანიის კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან.
„რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას და მეორე მხრივ, ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში, კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას, მათ შორის არის ანაკლიის ხელშეკრულება.
„სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია Eagle Hills-სთან დადებული ხელშეკრულება. 1554 ხელშეკრულება მარტო ეკონომიკის სფეროში გვაქვს, რომელსაც მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ასევე ჯანდაცვის სფეროში შეგვიძლია, ავიღოთ ხელშეკრულებები, კომერციული შინაარსის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა 2020 წელს კოვიდის დროს, ათივე ხელშეკრულება, რომელიც არის დადებული კომპანია „ფაიზერთან“, „სინოფარმთან“, „სინოვაკთან“, არის კომერციული საიდუმლოების სტატუსის ქვეშ, რაც არის მიღებული პრაქტიკა და ამ პრაქტიკას აქვს თავისი მიზეზი, საფუძველი, მთავარი მიზეზი არის კომპანიის კომერციული ინტერესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, გასაიდუმლოებულია მხოლოდ ხელშეკრულების დეტალები, ხოლო ძირითადი არსი და ყველა ძირითადი პუნქტი ცნობილია.
„რაც შეეხება ხელშეკრულების ძირითად თემებს, საზოგადოებას აქვს უკვე სრული ინფორმაცია. საზოგადოებამ სრულად იცის, ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები. არის ორი მხარე. რამდენია სახელმწიფოს წილი ერთობლივ კომპანიაში. მიწის რომელ ნაკვეთებზე არის გათვალისწინებული პროექტის განხორციელება. რამდენია პროექტის ფარგლებში ასაშენებელი ფართების მოცულობა, რამდენია კომპანიის მიერ დაგეგმილი მოგება, რა წვლილს შეიტანს პროექტი საქართველოს ეკონომიკაში, რა თანხა შევა ბიუჯეტში პროექტის განხორციელების შედეგად, გადასახადების თუ დივიდენდის სახით. რამდენი დროებითი თუ მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის განხორციელების შედეგად – ყველა ეს დეტალი არის საზოგადოებისთვის ცნობილი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავაცანით სრული ინფორმაცია საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას.
„რაც შეეხება მხარეების ვალდებულებებს, პირველ რიგში, ფუძნდება ერთობლივი კომპანია, წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს და აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. საქართველოს სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, გარანტიის ვალდებულება მათ შორის. რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი ანუ ვალდებულებები არის მთლიანად პარტნიორი კომპანიის მხარეს,“ – განაცხადა პრემიერმა.
