დუეტი „გურიშ ვარდი“, რომელიც ახლახან შეიქმნა, საზოგადოებამ უკვე შეიყვარა.
პროექტი ორი მომღერლის თეო ჯგერენაიასა და ბოკა კვეკვესკირის კოლაბორაციას წარმოადგენს.
თეო ჯგერენაია და ბოკა კვეკვესკირი უკვე სტუმრობდნენ რადიო „არ დაიდარდოს“, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრეს.
როგორც მომღერლები ამბობენ, ჯერჯერობით დუეტში მღერიან, სულ ცოტა ხანში კი მათ მუსიკოსები და ინსტრუმენტალისტებიც დაემატებიან.
„როდესაც „გურიშ ვარდის“ პატარა 40 წამიანმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით და კიდევ ჩაგვეწერა და ჩაგვეწერა სიმღერები,“ – ჰყვება თეო ჯგერენაია.
აღსანიშნავია, რომ თეო ჯგერენაია და ბოკა კვეკვესკირი აფხაზეთიდან არიან და ორივე ბავშვობიდან მღერის.
ამის შესახებ მომღერლებმა „თბილისელებთან“ ისაუბრეს.
– როგორც ვიცი, აფხაზეთიდან ხართ, როგორი იყო თქვენი პირველი კავშირი სიმღერასთან?
ბოკა: –დიახ, აფხაზეთიდან გახლავართ, ქალაქ გალიდან. რაც თავი მახსოვს, ანუ სამი წლის ასაკიდან, ვმღერი. სიმღერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ის ჩემში საოცარ განცდებს ბადებს, თითქოს, მუცელში პეპლები ტრიალებს და ჩემი ბგერები მათგან ამოდის. მე ვწერ კიდეც და შესაბამისად, საავტორო სიმღერებს ვასრულებ.
აფხაზეთის დატოვების შემდეგ, სენაკში განვაგრძეთ ცხოვრება, სადაც სკოლაში სწავლის პარალელურად, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლში ვმღეროდი. შემდეგ კი თბილისში ბატონ თემურ ქევხიშვილთან ანსამბლ „დარიალში“. იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე როგორც პროფესიონალური, ისე ადამიანური თვალსაზრისით…
– თეო, თქვენ და ბოკას ერთნაირი ცხოვრებისეული ისტორიები გაქვთ, ორივე აფხაზეთიდან ხართ.
თეო: ასეა. მე სოხუმიდან ვარ. როდესაც მშობლიური მხარე იძულებით დავტოვეთ, მე მხოლოდ ორი დღის დაბადებული ვიყავი. დედა ჯერ კიდევ სამშობიაროში იყო, როცა ეს მოხდა… ჩემმა ოჯახმა შიშველი ხელებით დატოვა სოხუმი და ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ.
–თქვენც ბავშვობიდან მღერით?
– რადგან დედა მუსიკის მასწავლებელი იყო, მისი ინიციატივით, მეც მუსიკალური განათლება მივიღე. ჩემი დებიუტი ქუთაისის ოპერის თეატრში შედგა. ხოლო თბილისში მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ დიმიტრი არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე და წარმატებით დავასრულე. მუშაობა სკოლაში დავიწყე მუსიკის პედაგოგად და დღემდე ამ საქმეს ვემსახურები. იმავდროულად, მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია, სადაც საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს. ასევე, ვარ კონსერვატორიის სტუდენტი. ამ ყველაფერთან ერთად, ივენთები და სხვადასხვა ღონისძიებები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ვრცლად ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ
ცნობისთვის, დუეტი უკვე მესამე მეგრულ სიმღერას წერს.
„მას რომ დავასრულებთ, მეოთხეზე დავიწყებთ მუშაობას, გაჩერებას არ ვაპირებთ. გვინდა, რაც შეიძლება, მალე გამოვიდეს ჩვენი ალბომი. ასევე, ვაპირებთ, კონცერტებით შემოვიაროთ მთელი საქართველო. პირველ კონცერტს სენაკში ვგეგმავთ,“ – ამბობს თეო ჯგერენაია.
