თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია და ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, საახალწლო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ.
„თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში.
იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, – თქვა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მერის მოადგილეს ანდრია ბასილაიას მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან.
