საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირი საქართველოსთან გაფართოებაზე აღარ მუშაობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ეხმაურება.
ნინო წილოსანის სიტყვებით, თავად „არ იქნებოდა ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, როგორიც გერმანიის ელჩია“. ნინო წილოსანის თქმითვე, დროის და სხვადასხვა ბიუროკრატების პირობებში, გადაწყვეტილებებიც თუ პოლიტიკური ნაბიჯებიც, საუკეთესო კუთხითაც შეცვლილა.
„მე არ ვიქნებოდი ისეთი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული, როგორიც გერმანიის ელჩია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ დროის და სხვადასხვა ბიუროკრატების პირობებში, გადაწყვეტილებებიც თუ პოლიტიკური ნაბიჯებიც, საუკეთესო კუთხითაც შეცვლილა.
საქართველო განსაკუთრებული შეტევის და შანტაჟის ობიექტია. ჩვენ მათი გარკვეული სრულიად უხამსი მოთხოვნები არ შევასრულეთ, თუნდაც, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამის ფონზე გარკვეული შანტაჟი, რა თქმა უნდა, ალბათ, ლოგიკურია. სწორედ ამის გაგრძელებას გამოხატავს გერმანიის ელჩის ეს განცხადება, რომლითაც კიდევ უფრო უნდა, რომ დაამძიმოს აღქმები, რომლებიც ქართველ ხალხში უნდა დაფორმირდეს.
მე კიდევ ერთხელ მინდა დავარწმუნო როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩვენი პარტნიორები, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და არა მხოლოდ კანდიდატებს შორის, არამედ წევრ სახელმწიფოებს შორის. ვფიქრობ, საქართველო კიდევ ერთხელ იტყვის თავის სიტყვას ევროკავშირის პირობებში, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ თავად ევროკავშირს აქვს სერიოზულად გადაწყვეტილი, რომ იყოს ძლიერი და ობიექტური სამართლიანი კავშირი“, – თქვა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გაფართოებაზე აღარ მუშაობს.
„გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს, დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
