„ტერორიზმის ბრალდება აბსურდი, სისულელეა. ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს რაღაც დაუმტკიცოს, სიყვარული აუხსნას, ეს მისი პერიფრაზია. ესეც მისი სიტყვებია, მან ასეთი ფორმით, ზოგისთვის უცნაური, თუ კომიკური ფორმით ეცადა რაღაცის დამტკიცებას“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის მეუღლემ, ირინა კილოსანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ირინა კილოსანიძის თქმით, ის, რაც სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილისგან მოისმინა, მისთვის დამაჯერებელია.
„დღისით ოფისში იყო გასული, მერე მოვიდა. მე აქციაზე მივდიოდი, 8-ის წუთები იყო, რომ გავედი, მითხრა, სათევზაოდ მივდივარო, ასე უთხრა შვილსაც. აქციიდან რომ დავბრუნდი, სახლში არ იყო. დილით უკვე მითხრეს, დააკავესო. რაზეც თავად ისაუბრა, ის ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია, მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების. ზუსტად ვიცი, წელიწადნახევრის განმავლობაში რაც უგროვდებოდა „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან და ამდენი უკანონობიდან გამომდინარე, ამას ვერ ეგუებოდა, ამას რომ ვერაფერს უპირისპირებდა, ალბათ, რაღაც ასეთი ფორმა მოიფიქრა, რომლითაც სასამართლოსთვის და ყველასთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ სასამართლო გადაქცეულია რაღაც კონვეიერად, რომელიც ყველას უშვებს ციხეში.
ვერავის მოსთხოვ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ყველას უყვარდე. მე არც ერთი პოლიტიკოსი არ მიყვარს. თუ ის ქმარი, შვილი, ან მამა არაა, არ უნდა გიყვარდეს და კრიტიკულად უნდა უყურებდე, მაგრამ ძალიან მინდა, საზოგადოებამ სწორად გაიგოს მისი ეს ნაბიჯი. რაც თქვა, ზუსტად ვიცი, რომ ისეა. ის არის, რაც მან განაცხადა, რამ განაპირობა მისი ეს ქმედება, მე ამის მჯერა და მინდა ადამიანებმა სწორად გაიგონ“, – განაცხადა ირინა კილოსანიძემ.
შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების განცხადებით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობითვე, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი
