LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის კარიერას უფრო მეტად კლასიკურ ვოკალში ვხედავ…“ – როგორ ამეცადინებს ვოკალის ცნობილი პედაგოგი მანანა მორჩილაძე ანიტა აბგარიანს საბავშვო „ევროვიზიის“ წინ და როგორ ახასიათებს მას

3249
page

ევროპის ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსი წელს საქართველოში ჩატარდება. 13 დეკემბერს პირდაპირ ეთერში ვიხილავთ, ვინ გახდება „საბავშვო ევროვიზიის“ მორიგი გამარჯვებული. წინა წელს ეს ტიტული ანდრია ფუტკარაძემ დაიმსახურა და რიგით მეოთხე, რეკორდული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი მონაწილე, ანიტა აბგარიანი გიგა კუხიანიძის საკმაოდ რთული კომპოზიციით წარდგება მაყურებლის წინაშე. მას ცნობილი პედაგოგი მანანა მორჩილაძე ვოკალში ამზადებს და fortuna.ge-ს გოგონას შესაძლებლობების შესახებ უყვება.

მანანა, რას ელოდები ანიტასგან საერთაშორისო კონკურსზე?

საერთოდ, მე არ მიყვარს, როცა ბავშვებს ზედმეტ პასუხისმგებლობას აკიდებენ ხურჯინით და ეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ეს გოგონა ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, საოცარი სირთულის სიმღერას შეასრულებს ძალიან კარგად და ჩვენ ვიქნებით ამაყები, როცა მას მოვუსმენთ. დანარჩენი, რა და როგორ იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ. წარმატება უნდა ვუსურვოთ, ეს უფრო მეტად უნდა ვისწავლოთ, ვიდრე ბავშვებისთვის წინასწარ დავალებების მიცემა (იღიმის).

ანიტას შენეული შეფასება გვითხარი… რა აქვს საუკეთესო?

სულ ვამბობ იმას, რომ მომღერალს უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რითაც ის ამ პროფესიაში შედგება. ბევრჯერ მისაუბრია იმაზე, რომ როცა მომღერალს აქვს დამახასიათებელი ტემბრი და როცა მის ხმას ცნობ, 50%-ია იმის, რაც მას წარმატებისკენ წაიყვანს. არის მომღერალი, რომელიც კარგად მღერის და ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ ანიტა ის შემსრულებელია, რომლის ხმაც მსმენელს შეუძლია ამოიცნოს. ის, რომ ტექნიკურად ძალიან გამართულია და თვითნაბადი ვოკალური მონაცემი აქვს, ანუ რასაც უნდა, იმას აკეთებს ყოველგვარი ეგზალტირებისა და ძალდატანების გარეშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმას აღარც გავუსვამ ხაზს, რომ კარგი ყური აქვს და სუფთა ინტონაცია. ეს არც განიხილება. როცა ადამიანი სცენაზე დგას, დიდია თუ პატარა, ეს უნდა ჰქონდეს.


შენგან რა რჩევა მოისმინა ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის, „ევროვიზიის“ წინ?

მას ძალიან კარგი სკოლა აქვს გავლილი ბათუმში, „ზღვის შვილებში“ და ჰყავს არაჩვეულებრივი პედაგოგი, მინდა, აქედან მოვესიყვარულო და მადლობა გადავუხადო ბათუმს, რომელსაც ასეთი კარგი ვოკალური სკოლა აქვს და ვოკალის პედაგოგს, ნონა დიასამიძეს. მე და ანიტას სულ სხვა სამუშაო გვქონდა… მოვიფიქრეთ ვოკალური სავარჯიშოები, რაც ამ კონკრეტული სიმღერის რთული ნაწილების გადალახვაში მიეხმარება. ანიტას არ სჭირდება ბგერის თუ სუნთქვის დაყენება, ეს უკვე აქვს, სიმღერაში ტექნიკურად რთული ეპიზოდებია და მხოლოდ ემოციით მათი შესრულებისას არ იცი, სად რა გიმტყუნებს. სიმღერაში სულ იცვლება პოზიციები, აქედან გამომდინარე შემუშავდა ეს სავარჯიშოებიც.

მანანა, ვიცი, რომ ანიტას, როგორც ვოკალისტის სამომავლო განვითარებაზე განსხვავებული ხედვა გაქვს…

სიმართლე გითხრა, მის კარიერას უფრო მეტად ვხედავ კლასიკურ ვოკალში და დედამისსაც ვუთხარი ეს, რომ გამიხარდება, თუ ამ მიმართულებით განავითარებენ. კარგია, რომ მისი ეს მონაცემი გიგა კუხიანიძემ „ევროვიზიისთვის“ დაწერილ სიმღერაში გამოიყენა. გიგას ვერაფერს გამოაპარებ. ჯადოსნური, ზღაპრული ჩანართი ანიტას გამოსვლას განსაკუთრებულობას შემატებს.

შენი მოსაზრებით, რა არის „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს ასეთი დიდი წარმატების მიზეზი? ყველა კონკურსანტი შესანიშნავად გამოდის და რეკორდული, 4 გამარჯვება გვაქვს მოპოვებული.

ვფიქრობ, ბავშვის რეალურ მონაცემს ვერ უვლიან გვერდს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, იმ წელიწადს რა ტიპის სიმღერაა ტრენდული. მაგალითად, შარშან, ერთნაირი სიმღერები იყო, ანდრია ფუტკარაძის სიმღერაზე იყო კომენტარები, რას ვიზამთ, რას ვიზამთო და კი გავიმარჯვეთ… ჩემთვის, მაინც მთავარია, რომ „საბავშვო ევროვიზიაზე“ ყოველ წელს ძალიან წელგამართულები ვართ ბავშვების შესრულების თვალსაზრისით და დანარჩენი ხან ასე იქნება, ხან – ისე (იღიმის).

magti 5g