LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

1796
ცვლილებები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, სადაც იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლებში ამოქმედდება.

მინისტრი ამბობს, რომ მომდევნო, 2026 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, შესაბამის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

„ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მიქანაძემ.

როგორც ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს:

„მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან, ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის არ დაერღვეს“, -განაცხადა მიქანაძემ.

განათლების მინისტრმა კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, სკოლებში სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით – ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში.

მინისტრი ამბობს, რომ სკოლებში 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. მისი თქმით, ერთი სახელმძღვანელო დაინერგება ყველა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს ერთიან მიდგომასა და სტანდარტს:

„დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით – ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მინისტრმა.

სიახლეა ისიც, რომ მომდევნო წლიდან, სკოლაში შესვლა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

როგორც განათლების მინისტრმა, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.

„გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ“

მინისტრის განმარტებით, სამინისტრო გეგმავს, რომ მე-11 კლასში მოსწავლეებს მხოლოდ იმ საგნებში მომზადების საშუალება მისცეს, რომელიც მათ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ:

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში, გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც მე-12 კლასის არარსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არცერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებით არ დაზიანდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში. სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე, ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“,- განაცხადა მიქანაძემ.

magti 5g