რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, „რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, „ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება რომ „რუსეთუმე” იყოს, რასაც მისი თქმით, მათ აბრალებენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ განცხადებას არ გააკეთებდა.
„თქვენი მხრიდან არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთუმე და ა.შ. ეს რომ ასე იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინიმუმ ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დეოკუპაციის ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ თანაცხოვრებას აფხაზ და ოს ძმებთან, მაგრამ ამას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ეს ნაბიჯები გადაიდგმება მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და იმ პრინციპების დაცვით, რასაც ჰქვია ერთიან საქართველოში თანაცხოვრება აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი პრინციპი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ეს პრინციპი იყო და იქნება განსხვავებით „ნაცმოძრაობის” რეჟიმისა, რომლებიც რუსეთთან მიმართებით დღეში 3-ჯერ იცვლიდნენ პოზიციას.
რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობებს მათ შორის, ამ საკითხებთან [ერთიან საქართველოში თანაცხოვრებასთან] დაკავშირებით, რუსეთთან ურთიერთობები აშშ-დან დაწყებული ბალტიისპირეთის ქვეყნებით დამთავრებული ყველას აქვს, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. განსხვავებას რომ ვხედავთ [ამერიკასა და საქართველოსვე შორის] ურთიერთობების ფორმატიც განსხვავებულია”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
შეკითხვაზე – ადასტურებს თუ არა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება, ვიდრე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს უკან არ წაიღებს, გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ ყოფილა.
„საუბარი საერთოდ არ არის და არც ყოფილა დიპლომატიურ ურთიერთობებზე. საუბარი ერთადერთი შეიძლება იმ პრინციპებზე, რასაც ერთიან საქართველოში თანაცხოვრება ჰქვია ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. ამ საკითხთან და ამ ფორმატში შეიძლება იყოს გარკვეული დიალოგი, საქართველოს ინტერესების შესაბამისად. დიალოგი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და, რა თქმა უნდა, მშვიდობიან ფორმატში, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთიან საქართველოში თანაცხოვრების პრინციპის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ნაბიჯები გადადგმული, რომ ის იდეა იქნეს მიღწეული, რასაც ერთიან თანაცხოვრება ჰქვია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის.
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოხატულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
