LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელთა 10%-ს ახლო მეგობარი არ ჰყავს – სად ცხოვრობენ ყველაზე მარტოსული ადამიანები

103
GettyImages-1434060475

ევროპაში მარტოხელა ადამიანების რაოდენობა იზრდება, თანაც ყველაზე სწრაფად – ახალგაზრდებსა და მამაკაცებში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ევროპელების 8%-ს ახლო მეგობრები საერთოდ არ ჰყავს, ხოლო 3%-ს – არც ისეთი ახლო ნათესავები, ვისთანაც მუდმივი ურთიერთობა ექნებოდა. ამის შესახებ Euronews წერს.

სოციალური კავშირების დეფიციტით ყველაზე მეტად საფრანგეთისა და ლიეტუვის მოსახლეობა იტანჯება. ფრანგების 11%-მა და ლიეტუველთა 8%-მა აღიარა, რომ გამოკითხვამდე ერთ თვეს „ძალიან მარტო“ გრძნობდნენ თავს – ისინი მოკლებული იყვნენ როგორც მეგობრებთან, ისე ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას.

თუ ცალკეული კრიტერიუმებით შევხედავთ, ყველაზე მეტად ახლო მეგობრების ნაკლებობას უნგრეთში უჩივიან, ხოლო ახლო ნათესავებთან ურთიერთობის დეფიციტს – ბელგიაში.

ყველაზე ცოტა მარტოსულები საბერძნეთსა და სლოვენიაში ცხოვრობენ, სადაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ყოველდღიური ურთიერთობა ხშირია.

ანგარიშის მიხედვით, მარტოობის შეგრძნება მსოფლიოში ყოველწლიურად 871 000 გარდაცვალებას იწვევს. მარტოობა დაკავშირებულია პროდუქტიულობის შემცირებასთან და უმუშევრობის რისკთანაც.

გარდა ახალგაზრდებისა და მამაკაცებისა, სოციალური იზოლაციის რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან უმუშევარი და დაბალშემოსავლიანი ადამიანები – მათ შორის მარტოობის განცდა ორჯერ უფრო ხშირია.

თუ რატომ არის მარტოსულობის მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდა მამაკაცებში – ბოლომდე დაზუსტებული არ არის. სავარაუდოა, რომ მიზეზი ციფრული ტექნოლოგიების გავლენაა, რაც რეალობისგან მოწყვეტის შეგრძნებას აძლიერებს.

გერმანიამ, დანიამ, ფინეთმა, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და ესპანეთმა უკვე დანერგეს ეროვნული სტრატეგიები მარტოობასთან ბრძოლის მიმართულებით.

სხვა ქვეყნები კი სკოლებში სმარტფონების გამოყენებას ზღუდავენ, რადგან ეს მოწყობილობები ცოცხალი კომუნიკაციის გაქრობას უწყობენ ხელს.

ასე, იტალიაში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და საბერძნეთში უკვე აკრძალულია სმარტფონების გამოყენება – როგორც გაკვეთილებზე, ისე შესვენებებზე. მსგავსი ინიციატივა დანიაშიც განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები