ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემის – „სხვა ნანუკა“ გასული ეპიზოდის მთავარი გმირი მარტოხელა ბებიაა – შუახევის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები ტყუპების – ნიკას და ლუკას ბებია, მარინა, რომელიც ბავშვებს მარტო ზრდის.
როგორც მარტოხელა ბებია ჰყვება, მისმა რძალმა 2 შვილი 17 წლის ასაკში გააჩინა და რამდენიმე თვეში მიატოვა. ბებიამ შვილიშვილების აღზრდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„ჩემი შვილი 19 წლის იყო, რძალი კი 17-ის. ძალიან მალე დაიწყო მისი [რძლის] თავგზის აბნევა, თითქოს ოჯახი აღარ უნდოდა, მალე დაორსულდა, ბევრჯერ ეცადა, რომ მუცელი მოშლოდა [თითქოს წაიქცა, გადავარდა] და წასულიყო. მალე გავიგეთ, რომ ტყუპები იყვნენ. ჩემი რძალი 11 თვე იყო ჩვენს სახლში.
როდესაც ბავშვები დაიბადნენ, ჩემმა რძალმა – თავისუფლება მინდაო. ბავშვების დაბადების მეორე დღესვე ყველა დაგვბლოკა სოციალურ ქსელებში. „ტიკ-ტოკზე“ დაწერა: ბავშვებს ვყიდი, უპატრონოდ ვარო. საავადმყოფოში მივედით, გამოვიყვანეთ, იძულებით ვაჩერებდით – არ მინდა ოჯახიო.
რესტორანში ვმუშაობდი, გვიან მოვდიოდი, ვეუბნებოდი, ბავშვებს ჩემთან დავაძინებ, შენ იძინე, როცა გინდა მაშინ ადექი-მეთქი. საკუთარი დედასავით ვეხმარებოდი სულ…
ვხვდებოდი დედის სითბო რაც აკლდა, ჩემში იგრძნო. საჭმელს მივართმევდი ოთახში, ისე არ ადგებოდა, რომ არ ჩავხუტებოდი. იმდენად მოეჩვია, ყოველ დილას ელოდებოდა, რომ დედამთილი შემოვა და ჩამეხუტებაო…
ერთ დღეს რძალმა დამირეკა და მითხრა, მე წასვლა გადავწყვიტე და ბავშვებთან მოდიო. კარები შევაღე თუ არა, ჩანთები მოიკიდა და გავარდა. ვუთხარი, მოტრიალდი და ბავშვებს მაინც ჩაეხუტე-მეთქი. ბავშვები როგორ არ დაინდო? ბავშვებს მაინც ჩახუტებოდა, რა დაუშავეს?
ჩემი შვილი ვერაფერს აკეთებდა, უნდოდა, რომ სიტუაცია დაელაგებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეც ვუთხარი რძალს, ჩემი შვილი თუ არ გინდა და არ გიყვარს, ცალკე გაგიყვან, ქირას გადაგიხდი, საჭმელს მოგიტან, ოღონდ შენს შვილებთან იყავი და გაზარდე-მეთქი…
პირველად ვყვები ამას…
ყველაფრის შემდეგ, ჩემს შვილს ვუთხარი, მოდი, ვთხოვ, იქნებ უკან დაბრუნდეს-მეთქი. დავურეკე და ერთი კვირა ველოდებოდი, ერთი კვირა მატყუებდა, რომ მოდიოდა.
რომელი დედამთილი სთხოვდა თვეებით წასულ რძალს უკან დაბრუნებას?“ – აღნიშნავს ტყუპების ბებია „სხვა ნანუკასთან“.
