„გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია, სადაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა – ქვეყნები წარადგენენ საკუთარ მიღწევებს და გამოცდილებებს გარემოსდაცვითი მიმართულებებით. განსაკუთრებული გზავნილი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ არის ის, რომ შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, შეუძლებელია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა მშვიდობის გარეშე. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ბრძოლა. მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და დასახული მიზნების მიღწევას“, – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამების დროს.
დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიას (UNEA-7) დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სესია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათავო ოფისში მიმდინარეობდა და მას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე, რამდენიმე კოლეგა მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. მათი მხრიდან დაფიქსირდა ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა რეფორმების და ამბიციური გეგმების განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კენიაში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7) სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან ტატიანა მოლჩეანთან, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელ დირექტორთან ინგერ ანდერსენთან, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან მუთაი კაგვესთან, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან დებორა მლონგო ბარასთან, კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ლი კინიანჯუისთან და ბელგიის სამეფოს კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრთან ჟან-ლუკ კრიუკესთან.
