LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიცოცხლის ელექსირი” – ქართველმა მეცნიერებმა სიბერის დამუხრუჭების გზას მიაგნეს

faf8870e4926

სიბერის დასამუხრუჭებლად პლასტიკური ოპერაციები მალე საჭირო აღარ იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეიოს კლინიკაში, სიბერის შესაჩერებლად და სიცოცხლის ქმედუნარიანი წლების გასახანგრძლივებლად მეცნიერ-მკვლევართა გუნდი მუშაობს. მათ კვლევას შედეგი ექსპერიმენტულ წრუწუნებში უკვე მოჰყვა – მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჯრედები – სინესენტები, რომელთა აკუმულირების შემთხვევაში, სიბერის შეფერხების გარდა, რიგი ქრონიკული დაავადებების განკურნებაც შესაძლებელი იქნება.

ამ მეცნიერთა ჯგუფში სამი ქართველი მკვლევარი – თამარ ჭყონია, თამარ ფირცხალავა და ნინო გიორგაძე მუშაობს. „ფორტუნა“ სიბერის დამუხრუჭების გზებზე ერთ-ერთ მეცნიერს, თამარ ჭყონიას ესაუბრა.

ჭყონია კვლევის შედეგებზე დეტალურად საუბრობს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია იმისა, რომ აღმოჩენები, რაც დღეს გაკეთდა, უკვდავების წამალია. საწყის ეტაპზე მეცნიერებმა კვლევები ექსპერიმენტულ ცხოველებსა და მოდელებში ჩაატარეს და კითხვებზე შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.

„დაგროვებული ცოდნის შედეგად აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება მოდის ძალიან ძვირ ფასად, 

რადგან სიცოცხლის ბოლო ათწლეულს, 70-75 წლის ზემოთ, თან ახლავს ქრონიკული დაავადებები და ასაკობრივი დაძაბუნება. დაისვა ასეთი უბრალო კითხვა – რატომ ვხდებით უფრო მგძნობიარე სხვადასხვა დაავადების მიმართ ასაკთან ერთად; ხომ არ არის ისეთი მექანიზმი, რომელიც საერთოა, როგორც სიბერის პროცესისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებებისთვის. მართლაც, აღმოჩნდა და ჩამოყალიბდა პლატფორმა, რომ სიბერის მექანიზმები, რომლებიც დაბერების პროცესს თან ახლავს, მთელი რიგის პათოლოგიებშიც იღებენ მონაწილეობას. ამიტომ, სიბერის კვლევის მიზანი ახლა გახდა, არა ვუმკურნალოთ ცალკეულ დაავადებებს, არამედ იმ მექანიზმებს, რომლებიც თან ახლავს ამ პროცესებს. თუ ერთდროულად დავუმიზნებთ და ვუმკურნალებთ, შეიძლება არა ერთი დაავადება მოვხსნათ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ თამარ ჭყონია.

 

მეცნიერების ინოვაციური აღმოჩენა

 

კვლევების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე მექანიზმი, რომელიც ცხადყოფს, რომ სიბერესთან ერთად ჩვენს ორგანიზმში გარკვეული პროცესები თანდათან არასწორი მიმართულებით მიდის. მედიკოსთა განმარტებით, ერთ-ერთი ასეთია ქრონიკული სტერილური ანთებითი პროცესი, რომელიც სტერილურია იმიტომ, რომ იქ არ არის არანაირი ბაქტერიული ინფექცია, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ ცუდად მოქმედებს უჯრედულ დონეზე და შესაბამისად, ორგანოების ფუნქციონირებაზე.

„ყველა ეს პროცესი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი სინესენტური უჯრედების აკუმულაციაა. ეს უჯრედები სხვადასხვა სტრესის საპასუხოდ, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე წარმოიქმნება, ეს არის ე.წ. თავდაცვის საშუალება, რომ ის ზიანი, რომელიც უჯრედს მიეყენება, არ გამრავლდეს. ემბრიონის დონეზეც ხდება ასეთი სინესენტური უჯრედების წარმოქმნა, მაგრამ ახალგაზრდობაში მათი ლიკვიდაცია ორგანიზმს შეუძლია. ასაკთან ერთად ეს უჯრედები აკუმულირდება. ასაკთან ერთად იმუნური სისტემა ამ უჯრედებს ვერ ცნობს, ამიტომ მათი დაგროვება ხდება და რადგან ეს უჯრედი მდგრადი და ძალიან სიცოცხლისუნარიანია, ამავე დროს ისინი გამოყოფენ ძალიან ბევრ მავნე ნივთიერებას, რომელიც მეზობელი ჯანმრთელი უჯრედების ფუნქციონირებას უშლის ხელს. როცა ამ უჯრედების რაოდენობა აღწევს საკმაოდ მაღალ რიცხვს, ამას ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს,“ – ამბობს თამარ ჭყონია.

მეიოს კლინიკა პირველი იყო, რომელმაც ივარაუდა, რომ თუ ამ უჯრედების მექანიზმები დაითრგუნება, ეს უჯრედები მოკვდება, შესაბამისად, მოხდება სიბერის დამუხრუჭებაც.

„ეს ჩვენ ვაჩვენეთ ექსპერიმენტულ მოდელებში – წრუწუნებში და შემდეგ მივაგენით ისეთ ფარმაკოლოგიურ ნაერთებს, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ და ამ პრეპარატებს ამჟამად ჰქვია ე.წ. სენოლიტიკები. მათ შეუძლიათ, შერჩევითად მხოლოდ ასეთი სინესენტური უჯრედების განადგურება,“ – განაცხადა ჭყონიამ.

 

 

არსებობს თუ არა სიბერისთვის ხელისშემშლელი ბუნებრივი მეთოდი?

 

ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სიგარეტის აკრძალვა, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, წონის შენარჩუნება – მედიკოსები სულ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენი ჯანმრთელობის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ეს მეთოდები მასობრივად არ მოქმედებს. მაგალითად, სიგარეტის მოწევა რომ მავნებელია, ყველამ იცის, მაგრამ ხალხი ამ მავნე ჩვევას თავს ვერ ანებებს. ასევე, ჭარბი წონაც მავნებელია, მაგრამ ამასაც მასობრივი ხასიათი აქვს.

„ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიში ექსპერიმენტულ წრუწუნებში ასეთი უჯრედების აკუმულაციას ამუხრუჭებს და შედარებით უფრო გვიან ხდება მათი დაგროვება. თუ კლინიკურ გამოცდებში გაამართლა და ასეთი კლინიკური გამოცდები ახლა მიმდინარეობს, შესაძლებელია ძალიან დადებითი აღმოჩნდეს ასეთი პრეპარატები და ფართო სპექტრი მოიპოვოს. ჩვენ შეგვიძლია, დაბერებისა და დაძაბუნების პროცესი დავამუხრუჭოთ, რათა ადამიანი ხანგრძლივად იყოს ქმედითუნარიანი,“ – ამბობს ჭყონია.

კლინიკური კვლევები არა მარტო წრუწუნებში, არამედ ადამიანებშიც უკვე ორი წელია, დაწყებულია. ამ პრეპარატების ეფექტურობის შესახებ შედეგები 2-3 წელიწადში იქნება ცნობილი. მეცნიერები განმარტავენ, რომ ადამიანებში სიბერის კვლევა საკმაოდ რთულია, რადგან პროცესს ათწლეულები სჭირდება. ამიტომ, რადგანაც მკვლევარებმა ასეთი უჯრედების არსებობა დაადასტურეს და ცნობილი გახდა ისიც, რომ უჯრედები სხვადასხვა დაავადების პათოგენებშიც იღებენ მონაწილეობას, პირველი კლინიკური კვლევები ტარდება იქ, სადაც ეფექტურობა ზიანზე უფრო მეტია.

„დღესდღეობით 14 ასეთი პრეპარატი არსებობს, მაგრამ ყოველ ჯერზე შეიძლება კიდევ ახალი გამოჩნდეს და ჩნდება კიდეც ლიტერატურაში, მაგრამ ძნელია სხვა ქვეყნების დასახელება, თუმცა ამ მხრივ თვალსაჩინოა ესპანეთი, სადაც არის ძლიერი ჯგუფი, რომელიც ასევე მუშაობს სენოლიტიკების მსგავს პრეპარატებზე და ამავე საკითხზე მუშაობს არა ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი, რომელიც სიბერის კვლევაზეა ფოკუსირებული. თუმცა უნდა ვთქვა, რომ სენოლიტიკები არ არის ის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შეიძლება სიბერის დამუხრუჭება, სხვა მექანიზმებიც არსებობს, რომელთა შესწავლა და მართვა შესაძლებელია, ასევე ეფექტური აღმოჩნდეს. გეროპროტექტორები – ასე ჰქვია პრეპარატების ჯგუფს, რომლებმაც შეიძლება ასევე ეფექტური შედეგი მოგვცეს ასაკთან დაკავშირებული დაძაბუნებისა და მრავალი ქრონიკული დაავადების ერთდროულად აღმოფხვრაში. ერთ-ერთი ასეთი ქრონიკული დაავადება, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, არის დიაბეტიც.   

  • ამ დაავადების მართვისას, რა სიკეთეებს გვპირდება თქვენ მიერ დასახელებული პრეპარატები?
  • სიგარეტის მოწევა, მაღალი ქოლესტერინის რაოდენობა და ჭარბი წონა ახალგაზრებშიც ძალიან დიდი რისკფაქტორებია ისეთი ქრონიკული დაავადებებისთვის, როგორებიცაა: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ., მაგრამ თუ თქვენ გრაფიკზე დაიტანთ ამ რისკფაქტორებს და შემდეგ ასაკს, ფაქტობრივად, ამ რისკფაქტორებს ვეღარ დაინახავთ, იმდენად იზრდება ამ დაავადებების ალბათობა ასაკთან ერთად. მათი მნიშვნელობა ფაქტობრივად ქრება. ასაკი გაცილებით უფრო ძლიერი რისკფაქტორია მთელი რიგი დაავადებებისა, მათ შორის დიაბეტისაც. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ უჯრედებს საკმაოდ დიდი როლი აქვს ასაკთან დაკავშირებული ინსულინ რეზისტენტობისას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ ექსპერიმენტულ მოდელებში. ეს პუბლიკაცია ალბათ მომავალ წელს უკვე იქნება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ თამარ ჭყონია.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. დაახლოებით, 2-3 წელიწადში კი, ის კონკრეტული პრეპარატები გვეცოდინება, რომლებიც ჩვენს სიცოცხლისუნარიან წლებს გაახანგრძლივებს.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g