რამდენიმე დღის წინ UFC-ის ორგზის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პირად ცხოვრებაზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ ის შანტაჟისა და გამოძალვის მსხვერპლია.
ამჯერად ილია თოფურია სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.
„მადრიდი, 2026 წლის 3 იანვარი ყოველთვის ღრმად მადლიერი ვიყავი იმ პატივისცემით სავსე დამოკიდებულებისთვის, რაც მედიისგან მიმიღია. ისინი ამ წლების განმავლობაში ჩემი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყვნენ და არიან.
სამწუხაროდ, დიდი სინანულით უნდა ვთქვა, რომ ამჟამად სიახლეებში ხშირად ვარ იმ საკითხების გამო, რომლებსაც სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც საჯარო პირი, მესმის, რომ ადამიანი ხშირად ხდება ფეიკ-ნიუსებისა და სიმართლისგან დაშორებული, სენსაციური სათაურების სამიზნე, რომლებიც მხოლოდ კლიკების მოსაპოვებლად იქმნება, შედეგებზე ფიქრის გარეშე.
გუშინ ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ყალბი სათაურით, თითქოს მე ოჯახურ ძალადობაზე დაკითხვაზე ვიყავი დაბარებული. მოგვიანებით ეს სათაური შეცვალეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მე არასდროს ვყოფილვარ ამ მიზეზით დაკითხვაზე დაბარებული. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდება, მზად ვარ მივიდე სასამართლოში. რეალობა ისაა, რომ სასამართლოში მისვლა უკავშირდება მხოლოდ საოჯახო და ადმინისტრაციულ საკითხს — ჩემი შვილის (ქალიშვილის) ესპანეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას, რომლის ნახვაც ოთხი თვეა ვერ შევძელი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა. ვიღებ საჯაროობის ფასს, მაგრამ ეს არ ამართლებს დაუზუსტებელი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას და არასრულწლოვანზე ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელიც დაცვას საჭიროებს.
ყველაფერი დაიწყო განქორწინების სარჩელით, რომელიც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ შეიტანა მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჩვენი დაშორების შემდეგ. ჩემი უარის შემდეგ სრულიად არალოგიკურ ფინანსურ მოთხოვნებზე, რამდენიმე კვირის შემდეგ წარმოდგენილ იქნა საჩივარი ძალადობის შესახებ — საკითხი, რომლითაც ადრე მემუქრებოდნენ და რომელიც ახლა სასამართლოს მიერ განიხილება. ვაგრძელებ ღმერთის, სამართლისა და ადამიანების ნდობას.
ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და მალე შევძლებ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დავიბრუნო — ჩემს შვილთან ჰუგოსთან ერთად — ჩემი ქალიშვილი ჯორჯინა. მედიას მხოლოდ ერთს ვთხოვ: იმავე პატივისცემასა და პროფესიონალიზმს, რაც აქამდე უმეტესობას გამოუჩენია, ფაქტებზე დაყრდნობას, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს. ღმერთმა დაგლოცოთ“, – წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
„გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება“ – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი
ვიდეო: ემოციური მიძღვნა ჯორჯინა უზკატეგუის – რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურიას მეორე ნახევარი


