LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა სებისკვერაძე სიმღერის პრემიერით და სამომავლო გეგმებით „არ დაიდარდოში“ – „ზოგადი გეგმა კვლავ რეპერტუარის განახლებას და ახალი სიმღერების ჩაწერას უკავშირდება“

682
ნეკა-სებისკვერაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნეკა სებისკვერაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გზები“ პრემიერა შედგა.

ნეკა, როგორ დაიწყო შენთვის 2026 წელი?

ძალიან დატვირთული იყო წლის ბოლოც და ახალი წლის დასაწყისიც, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს პროფესიაში, ახლა, უკვე მშვიდი ფაზა მაქვს და შემიძლია, ცოტა დავისვენო. აქამდე, საკმაოდ დაკავებული ვიყავი, ბევრი კონცერტი იყო.

ძირითადად მაინც წლის ბოლო და ზაფხული არის ხოლმე ხომ აქტიური კონცერტების კუთხით?

დიახ, ზაფხულიც საკმაოდ აქტიურია ხოლმე და ძალიან გასახარია, რომ წელიწადის ამ ორივე პერიოდში ვსტუმრობთ ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ კუთხეს, სხვადასხვა რეგიონს, სადაც ყოველთვის განსაკუთრებულად გველიან, სულ სხვა სიყვარულს გვჩუქნიან და ძალიან დიდი დადებითი სტიმულით დამუხტულები ვბრუნდებით ხოლმე დედაქალაქში.

სად შეხვდი ახალ წელს?

წელს ისე მოხდა, რომ 31-ში ჩემს დიდ ოჯახთან ერთად შევხვდი. ასე დაიგეგმა და აღარ შევცვალეთ ეს გეგმები და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე. ამაზე კარგი არაფერია, როდესაც შენი ოჯახის გვერდით ხარ და შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად იზიარებ წლის ყველაზე ბრჭყვიალა დღის ყველაზე ბედნიერ წუთებს. მართლა ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევა, თვითონ ოჯახის წევრები და ნათესავებიც გაკვირვებულები დარჩნენ.

როგორც მივხვდი, 31 დეკემბრისთვის გქონდა შემოთავაზებები, კონცერტებთან დაკავშირებით, მაგრამ თავად მიიღე ასეთი გადაწყვეტილება…

კი ბატონო, იყო შემოთავაზება და მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რამეთუ 19 დეკემბრიდან 31-მდე თითქმის ყოველ მეორე დღეს კონცერტებით ვიყავი დაკავებული სხვადასხვა ქალაქებში. საკმაოდ დაღლილი ვიყავი და მართლა გულით მინდოდა, რომ ოჯახურად შევხვედროდი ამ ახალ წელს.

როგორია შემოქმედებითი სიახლეები და სამომავლო გეგმები?

საერთოდ, გეგმების დაწყობა, დალაგება ყოველთვის მიყვარს, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ზოგადი გეგმა კვლავ რეპერტუარის განახლებას და ახალი სიმღერების ჩაწერას უკავშირდება. მაქვს სურვილი, რომ რამდენიმე ძველი სიმღერაც განვაახლო ჩემი რეპერტუარიდან და ამის სტიმული მომცა იმან, რომ ამ სიმღერებს გამუდმებით ითხოვს მსმენელი. მათ შორის, ერთ-ერთია „ზაფხულის ღამე“.

სოლოკონცერტი თუ იგეგმება?

ამას ბევრი წელია ვგეგმავ და მაქვს სურვილი, არ ვიცი, წლის ბოლოსკენ, შეიძლება, ასეთი იდეაც განვახორციელო. შინაგანი განწყობით მზად ვარ ამ ყველაფრისთვის და ძალიან მინდა. მოგეხსენებათ, საორგანიზაციოდ ადვილი არ არის.

ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „გზები“.

ეს სიმღერა გახლავთ არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, ბატონი გიორგი ცაბაძის მიერ შექმნილი, ბევრი წლის წინ და საკმაოდ მივიწყებული სიმღერა იყო. როდესაც შარშან „თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“ გაკეთდა კომპოზიტორის 100 წლის საიუბილეო საღამო, ბატონ დავით მაზანაშვილის, მისი ქალთა კამერული ორკესტრის და ბენდის თანხლებით, დათომ კითხვა რომ დამისვა, რას შეასრულებო, რატომღაც პირველი ეს სიმღერა ამომიტივტივდა. არ იყო ისეთი ცნობილი სიმღერა, მაგრამ არაჩვეულებრივი თემაა, ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მომწონს. არაჩვეულებრივი ვერსია გააკეთა დავით მაზანაშვილმა. ეს გახლავთ საკონცერტო, ცოცხალი ჩანაწერი. 

ნეკა სებისკვერაძე – გზები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნეკა სებისკვერაძე. “პრემიერა თაკოსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები