გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი ჟურნალისტი მაია ასათიანი იყო. საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების გარშემო განვითარდა.
– მაია, როგორ ინარჩუნებ რეიტინგს ამდენი წლის განმავლობაში?
– „პროფილში“ კარგა ხანია აღარ უჭორავიათ… ერთგვარი აზარტია ეს ყველაფერი. თავიდან იყო რეიტინგული, ახლა ამ გადმოსახედიდან მეჩვენება, რომ იოლია. სამი თვის მერე იწყება შეჩვევა და მობეზრება. სულ ვამბობ, რომ არ არსებობს მწვევრვალი. როდესაც ერთს იპყრობ, აუცილებლად ჩნდება მეორე. თუმცა შეუძლებელია წარმატება გემრიელი დანარცხების გარეშე. უნდა მოიშუშო კოპები და გააგრძელო გზა. ახლა თითქოს იოლია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ ანტი-დეპრესანტიც მიმიღია, ფსიქოლოგიური ტრავმაც მქონია – მთელი ამ ყველაფრის მუღამიც ეს არის. ერთგვარ აზარტში გადადის.
წლიდან წლამდე იცვლება „პროფილის“ ფორმატი და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ყოველ დღე მადლიერი ვარ, რომ პურს ვჭამ იმ საქმით, რომელიც ძალიან მიყვარს.
– რა თემა აინტერესებს საზოგადოებას ყველაზე მეტად?
– არ არსებობს რეიტინგული თემები და ადამიანები. ყველაფერი გარკვეული დროისა და სივრცის ამბავია. ქართულ მედიასივრცეში კარგად აპრობირებული მეთოდია, რომ თუ ერთმა ადამიანმა გამოიწვია საზოგადოების ინტერესი, ყველგან მას ვხედავთ: ჟურნალების გარეკანზე, რადიოეთერში ვისმენთ, ტელეეთერით თითქმის ყველა გადაცემაში ვხედავთ… მალევე ამ ადამიანს გასდის ყავლი და საზოგადოებაში ის უკვე გაღიზიანებას იწვევს. არის თემები, რომელსაც რვა წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ, მაგალითად ოჯახური პორტრეტი, დაკარგულები და ა.შ.
– ეს უკანასკნელი თემა ძალიან ემოციურია…
– ყოველთვის, როდესაც ამ თემაზე გადაცემას ვაკეთებთ, გვგონია, რომ მეტი წერილი აღარ მოვა დაკარგულებზე, მაგრამ წერილები მუდმივად მოდის და ჩვენც შესაბამისად ვაკეთებთ მორიგ გადაცემას. ძალიან აზარტული საქმეა. ჩვენი ჟურნალისტი, სოფო ოჩხიკიძე პოულობს ამ ადამიანებს. ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის მეორე სერია, რომელიც ეთერში არ ხვდება. როგორც წესი, 10-დან 8 შემთხვევა ისე ლამაზად არ მთავრდება, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია. ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზე.
– ბოლო პერიოდში ნაკლებად გაკრიტიკებენ, როგორ მოახერხე ეს?
– მე არ მომიხერხებია. უბრალოდ ქართველებმა ზედმეტად ვიცით ყველაფრის უტრირება, ალბათ მე იმიტომ აღარ მაკრიტიკებენ, რომ ახლა სხვა ობიექტი ჰყავთ. მარტო ამაშია საქმე.
– რამდენად ხშირად კითხულობდი მაშინ კომენტარებს?
– არ ვკითხულობდი. იმედნად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ამ დეტალებით განწყობას არ ვიფუჭებ.
– 2 წლის გახდა „მარაო“. როგორ მოხდა იქ მომუშავე გუნდის შერჩევა?
– დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, როდესაც ნიკა გვარამიამ მითხრა, რომ ასეთი არხის გახსნა იგეგმებოდა. იყო მხოლოდ იდეა – როდესაც ქალბატონი სახლშია, არ უნდა გადართოს სხვა არხზე. უკვე 2 წელია სატელევიზიო ბაზარზე ვართ. რა თქმა უნდა, რეიტინგით ვერ შევწვდებით „რუსთავი 2“-ს ან „იმედს“, მაგრამ პატარა კონკურენტ ტელევიზიებში ხშირად ვლიდერობთ.
პირველად მივმართე „პროფილის“ გუნდს და ჩვენ გავაკეთეთ არხი, რომელიც ძალიან მეამაყება. წინ კიდევ ბევრი იდეაა.
– რთულია ცხოვრება, როდესაც ხარ ძლიერი ქალი?
– მე სხვანაირი ცხოვრება არ მაქვს. მინდოდა ასეთი ცხოვრება მქონოდა და მაქვს კიდეც. თუ მეორე ნახევარს გულისხმობთ, ესეც ჩემი არჩევანი და გადაწყვეტილება იყო. კითხვას ასე ვუპასუხებდი – თქვენ არ იცით მარტო ვარ თუ არა. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ არ არის კარგი პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა იყვირო, ალბათ არც არასოდეს მოვყვები. ყოველთვის ვყვები წარსულის ამბებს.
– როგორია შეყვარებული მაია ასათიანი?
– სულ გაღიმებული ვარ. დავდივარ და ვღიღინებ. რომ გითხრათ საქმეს გულს ვერ ვუდებ, მოგატყუებთ. ახლობლები ყოველთვის ხვდებიან როდესაც შეყვარებული ვარ. ზოგადად, ძალიან კარგი მდგომარეობაა, როდესაც დაფრინავ. თუმცა ოჯახს ასე ოფიციალურად მგონია, რომ აღარ შევქმნი.
– სამზარეულოსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– მიყვარს, როდესაც დრო და სურვილი მაქვს, სამზარეულოში ტრიალი. ასე იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება. ვერ ვიტყვი, რომ კარგი კულინარი ვარ, მაგრამ არაუშავს.
– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ჩემი სახლის აივანი. 6 წლის წინ შევიცვალე საცხოვრებელი, პეკინის გამზირიდან გადავედი ავლაბარში. როდესაც პირველად აივანზე გავედი, დავინახე მტკვარი. მას შემდეგ, როდესაც ძალიან დაღლილი მივდივარ სახლში, გავდივარ და ვუყურებ მდინარეს, რომელიც ძალიან ლამაზად ირეკლება.
– შვილი სასწავლებლად უცხოეთში გაუშვი…
– მე არ გამიშვია, თვითონ წავიდა. სერიოზული დაფინანსება მიიღო ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან და ახლა სწავლობს.
– ვინ არის რესპოდენტი, ვისთანაც ინტერვიუს ჩაწერა გსურს?
– ჯოან როულინგთან, რადგან „ჰარი პოტერი“ ჩემი წიგნია. ჩემთვის ძალიან საინტერესოი რესპოდენტი იქნებოდა. ოპრასთანაც ჩაწერდა კაცი ინტერვიუს (იცინის), კამერის მიღმაც ბევრს დაველაპარაკებოდი.
– რა სიახლეს პირდებით მაყურებელს?
– სექტემბრიდან აბსოლუტურად განვაახლეთ „მარაოს“ საეთერო ბადე და მიხარია, რომ ამ ეტაპზე ექვსივე ახალმა გადაცემამ გაამართლა, ვერ ვიტყვი, რომ „პროფილიც“ განახლდა, რეალურად არც არის ყოველ სეზონზე ამისი საჭიროება. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა, ვინც გვიყურებს.
– როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– მგონია, რომ 10 წუთია, რაც დაიწყო გადაცემა და თუ მაყურებლისთვისაც ამ სისწრაფით გავიდა დრო, ესეიგი გაამართლა. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა.
– წარმატებებს გისურვებთ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი