LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ფოლადაშვილი: ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, ის მირეკავდეს და მეუბნებოდეს, რომ ბავშვს პამპერსი ავუყოლო

410

გადაცემის სტუმარი მოცეკვავე და ტელეწამყვანი ოთო ფოლადაშვილი იყო. საუბარი მისი საქმიანობის შესახებ წარიმართა.

– ოთო, როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– უფრო 24 საათიან რეჟიმში ვარ, ვიდრე დილიდან საღამომდე. ზოგადად, დილით რომ ვდგები ვვარჯიშობ, დაახლოებით 9 საათზე. შემდეგ გადაცემა მაქვს, გადაცემის მერე მყავს მოსწავლეები და 9-10 საათზე ვიწყებ ჩემი და ჯულიანას ვარჯიშს ტურნირებისთვის და კონკურსებისთვის.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, რაც შენ და ჯულიანა საქართველოს ჩემპიონები გახდით?
– სხვათაშორის, ბავშვობიდან ვარ მე ჩემპიონი და ამ სფეროში მანამდეც მიცნობდა ყველა. ფართო მასშტაბებმა „ცეკვავენ ვარსკვლავებით“ გამიცნო.

– რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა?
– პირველი სეზონი რომ იყო, მე ვიყავი 17 წლის. ყველა მოზარდი ოცნებობს ამ პროექტზე, რადგან უცხოეთში ის ძალიან პოპულარულია. მაშინ უბრალოდ გამიხარდა, რომ ეს შოუ საქართველოშიც შემოვიდა და მომდევნო სეზონში მონაწილეობაც მივიღე.

– „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ რამდენად იყო სამეჯლისო ცეკვები პოპულარული?
– რა თქმა უნდა, მოთხოვნა გაიზარდა და დღეს ძალიან პოპულარულია, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ხალხმა გაიგო, რომ ცეკვით დიდი სიამოვნების მიღება შეიძლება.

unnamed

– როდესაც პოპულარული გახდი, გაჩნდა შენზე ბევრი ჭორი, როგორი რეაგირება გქონდა?
– ჩემზე სულ კარგი ჭორები ვრცელდება და რა რეაგირება უნდა მქონდეს? (იცინის)

– მექალთანეაო, ამბობენ…
– “ქალების მოყვარული” ცუდი ჭორი არ არის. ყველა კაცს უყვარს ქალები.

– პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხო…
– ამ თემაზე პასუხს არ გაგცემ. თუ გინდა მკითხე, მაგრამ არ გიპასუხებ.

– რატომ გაქვს ასე დაბლოკილი? ბევრი სპეციალურადაც იგონებს ამბებს საკუთარ თავზე…
– რა უნდა მოვიგონო, მაქვს ჩემი საქმე, ვგიჟდები ცეკვაზე და წამყვანობაზე და ზედმეტი ზღაპრები ამ ყველაფერს არ სჭირდება.

– ცეკვიდან ტელევიზიაში გადაინაცვლე…
– მესამე წელია „მარაო რუსთავი 2“-ზე ვმუშაობ. ყველაზე კარგი შეგრძნებაა გადაცემის წამყვანობა. დღემდე მახსოვს ის ემოციები, როდესაც დამირეკეს და წამყვანობა შემომთავაზეს.

– ცეკვაში თუ არის მწვავე კონკურენცია?
– ყველა სფეროსა და სპორტში არის კონკურენცია და ხშირად ცუდად გამოხატული, ე.წ. „პადნოჟკებით“, თუმცა მშვიდად ვრეაგირებ თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩემი მხრიდან ასეთი რამ შორს არის.

– როგორი ტიპის გოგოები მოგწონს?
– ერთი სიტყვით გეტყვი – გამორჩეული, როგორც ხასიათით, ისე გარეგნობით. სულელი გოგონები ნამდვილად არ მომწონს.

– შეყვარებული ოთო როგორია?
– უფრო გიჟი ვარ. სიგიჟეები ჩამიდენია და ჩავიდენ კიდეც მომავალში.

– ამჟამად თავისუფალი ხარ?
– კი, თავისუფალი ვარ.

– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– სახლში, ცეკვის სტუდიაში, ტელევიზიაში კამერებთან… ყველგან, სადაც კარგად ვარ.

– რომელ ცეკვას ასწავლი შენს მეორე ნახევარს?
– არჩევანს მას მივანდობ და რისი სწავლაც ენდომება, იმას ვასწავლი.

– კულინარია თუ გეხერხება?
– არა, ამისთვფის დრო არ მრჩება. თუმცა მქონია შემთხვევები, რომ მარტო ვყოფილვარ სახლში და ჩემივე მომზადებული კერძი გემრიელი მომჩვენებია (იცინის).

– რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად?
– შარლიზ ტერონს. ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, ის მირეკავდეს და მეუბნებოდეს, რომ ბავშვს პამპერსი ავუყოლო. ასე რომ, შარლიზ ტერონს, ჯესიკა ალბას და ნატალი პორტმანს გავიცნობდი დიდი სიამოვნებით.

– ოთო, როგორია შენი სამომავლო გეგმები და რას ურჩევ ადამიანებს, რომლებსაც ცეკვა უყვართ?
– ვისაც 1% მაინც აქვს შანსი, რომ იცეკვოს, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის გვაქვს სტუდია და ჯგუფები, მე და ჯულიანა პირადად ვასწავლით ცეკვას. გარდა სამეჯლისო ცეკვებისა, გვაქვს ტანვარჯიშისა და ბალეტის გაკვეთილებიც.

– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შვილს აქვს ცეკვის ნიჭი?
– სურვილი მიხედვით უფრო არის და ნიჭი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

– ფასი ხელმისაწვდომია?
– 70 ლარი ღირს, კვირაში ორი დღე, საათნახევრიანი გაკვეთილი.

– რაც შეეხება სამომავლო კონკურსებს…
– რიგაში მივფრინავთ მე და ჯულიანა ნოემბრის დასასწყისში, შემდეგ თვის ბოლოს ბულგარეთში არის კონკურსი და ამისთვის ყოველ დღე აქტიურად ვემზადებით.

– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– კარგი იყო. წარმატებები და მადლობა მოწვევისთვის. იმედია, მსმენელიც კმაყოფილი დარჩა.
– წარმატებებს გისურვებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები