ნორვეგიელი დიპლომატი, გავლენიანი ელჩი მონა იული თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „როიტერსი“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, მიზეზი გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ვითარების არასწორი შეფასებაა, რაც სკანდინავიურ ქვეყანასა და მთელ ევროპაში მზარდი სკანდლის ნაწილია.
ამ კვირის დასაწყისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეპშტეინთან კავშირების შესახებ შიდა გამოძიების დასრულებამდე, მონა იულის იორდანიასა და ერაყში ელჩის პოსტს ჩამოაშორა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში იულის ეპშტეინთან კავშირები გამოვლინდა.
„იულის კონტაქტმა მსჯავრდებულ სექსუალურ დამნაშავე ეპშტეინთან განსჯის სერიოზული უგულებელყოფა აჩვენა. საქმე ართულებს ამ თანამდებობისთვის საჭირო ნდობის აღდგენას,“ – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ.
მონა იულის ადვოკატის განცხადებით, გავლენიანი ელჩი თანამდებობას ნებაყოფლობით ტოვებს, რადგან არსებული ვითარების ფონზე, მისთვის სამუშაოს გაგრძლება შეუძლებელი ხდება.
„მონა იული გააგრძელებს სრულ თანამშრომლობას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა უზრუნველყოს, საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ფაქტის გამოაშკარავება“, – აცხადებს ადვოკატი.
66 წლის იული მსახურობდა როგორც ნორვეგიის ელჩი ისრაელში, დიდ ბრიტანეთსა და გაერო-ში. ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის გამო ბოდიშის მოხდა რამდენჯერმე მოუწია მის ქმარსაც.
მანამდე კი თანამდებობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსმა, მორგან მასკვინიმ დატოვა. მან პასუხისმგებლობა აიღო კირ სტარმერისთვის ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის მქონე პიტერ მანდელსონის აშშ-ის ელჩად დანიშვნის შეთავაზების შესახებ.
გამოცემა „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, მომხდარის გამო სტარმერი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. გავრცელებული ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლეიბორისტული პარტიის წევრების დაპირისპირების საშიშროების წინაშეა და საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენისთვის იბრძვის. გამოცემის ინფორმაციით, აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ელჩის დანიშვნის დროს მისი ეპშტეინთან კავშირი იცოდა. კავშირი კი მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც ფინანსისტი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის გაასამართლეს.
ცნობისთვის, მენდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. ის პოზიციაზე 2025 წლის თებერვალში დაინიშნა, თუმცა რამდენიმე თვეში ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მიზეზად სწორედ ეპშტეინის სკანდალი იქცა. კირ სტარმერმა ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად ის ფაქტი იქცა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია ეპშტეინსა და მენდელსონს შორის ღრმა კავშირს აჩვენებდა და განსხვავდებოდა იმ ინფორმაციისგან, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მის შესახებ იცოდა.
