„ჩემი ამოცანა შესრულებულია, რამე საფრთხე თუ ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ, თუ არა, ყველა მადლობას გადავუხდით“, – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოკითხვა ირანთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.
„ეს პროცესი არის ახლა სამართლებრივი, შესაბამისად, მოქცევაც არის სამართლებრივი. ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს, თუკი ასეთი არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი. მე ვარ კერძო პირი, რომელსაც წვდომა მაქვს მხოლოდ ინფორმაციაზე, რომელიც არის საჯარო სივრცეში. ყველას აქვს ინტერნეტი, „გუგლი“ და აშ. რატომ დაინტერესდნენ, ეს ძალიან ბუნებრივია, ეს გასაგებია, რადგან შეიძლება, ადამიანს რაღაც სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ინფორმაცია და ეს უნდა გაარკვიონ, ამაში არ არის პრობლემა, კითხვების დასმაში, ეს ნორმალური პროცესია.
მე სასამართლოშიც ვუთხარი და ახლაც შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩემი ამოცანა მიღწეულია, მე მინდოდა, რომ როგორც ხდება ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში, რომ ვიღაც საყვირს ჩაბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საფრთხეს მოიკვლევენ, როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია, ისინი დაინტერესდნენ. თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვით, რომ ამას გაარკვევენ. თუ არა, ყველა მადლობას გადავუხდით, რომ გარკვეულია და არ არის საფრთხე. იმედი დავიტოვოთ, იმის მიუხედავად, ჩვენ რა გვგონია, (სუს-მა) აქამდე რა იცოდა, ან რა უნდა სცოდნოდა, რომ ახლა ფუნდამენტურად შეისწავლიან ამ საკითხს და ან აღმოჩნდება პრობლემა, ან არა და ყველა ვიქნებით ამით კმაყოფილი“,- აცხადებს თინა ხიდაშელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოკითხვაზე დაბარებას დაშინების მცდელობად ხომ არ აფასებს, ხიდაშელი პასუხობს, რომ მოწმის სახით დაკითხვაში პრობლემას ვერ ხედავს.
ამასთან, როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მას არსად უთქვამს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ.
„ირანული უნივერსიტეტი დასანქცირებულია რამდენიმე ქვეყნის მიერ, კანადის, აშშ-ის, გერმანიის მიერ, სწორად ტერორიზმთან დაკავშირებით, რეკრუტირების და აშ. გრძელია ჩამონათვალი, ეს არის ფაქტი, ეს წერია ყველა დოკუმენტში. რაც შეეხება საქართველოს, ამ უნივერსიტეტის ფილიალი, რასაც მე გადაცემაშივე ვამბობ, ამ გამიჯვნას ვაკეთებ, რომელიც არც უნივერსიტეტია, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს და ის არ არის უნივერსიტეტი და ვამბობ, რომ საბედნიეროდ, მას არ აქვს აკრედიტაცია მიღებული, მაგრამ ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც სჭირდება მიხედვა. მე არსად არ მითქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს, დიახ, ახლაც გიდასტურებთ, რომ ეს უნივერსიტეტი ზუსტად ამისთვის არის დასაქცირებული მინიმუმ სამი ქვეყნის მიერ“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
