აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით აქტუალური ხდება სურსათის უვნებლობის საკითხი, რადგან წინასადღესასწაულო პერიოდში გაზრდილი მოთხოვნა კვებით პროდუქტებზე, მათი ინტენსიური წარმოება და რეალიზაცია ზრდის ისეთ რისკებს, რაც შესაძლოა მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე აისახოს.
ანდრია კალანდია, სურსათის და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტი, პლატფორმის „სერთიფუდი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:
– სურსათის უვნებლობა განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასადღესასწაულო პერიოდში, რადგან, ერთი მხრივ, ბიზნესოპერატორები, მათ შორის მცირე ფერმერები, მოტივირებულები არიან ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოიტანონ საკუთარი პროდუქცია, მომხმარებელი კი ცდილობს შეიძინოს სააღდგომო სუფრისთვის მოსამზადებელი კერძებისთვის მაღალი ხარისხის ინგრედიენტები. ბაზარზე სურსათის მოთხოვნის მატებასთან ერთად იზრდება სურსათისმიერი დაავადებების გავრცელების რისკებიც. ამ დროს არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორის (რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოში მრავლად გვყავს) მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაყიდოს, რისთვისაც მიმართავს ფალსიფიკაციის სხვადასხვა ხერხს, არღვევს ეტიკეტირების მოთხოვნებს, შეუსაბამო, ანტისანიტარიულ პირობებში ამუშავებს, მაგალითად, ხორცს და ა.შ. სწორედ მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურსათის შეძენამდე ვიხელმძღვანელოთ სწორი კრიტერიუმებით, რომლებიც უკავშირდება პროდუქტების სწორად შერჩევას, გამოყენებას, შენახვას.
– დავიწყოთ ხორცით და ამ პროდუქტის გარევაჭრობით განპირობებული რისკებით.
– მოგეხსენებათ, ხორცის უვნებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცხოველი თუ ფრინველი, დაიკლას სასაკლაოზე, რომელსაც საქმიანობის უფლებას ანიჭებს სურსათის ეროვნული სააგენტო მას შემდეგ, რაც დაადგენს სასაკლაოს ჰიგიენური ნორმებისა და ინფრასტრუქტურული მოთხოვნების სრულ შესაბამისობას კანონთან. სასაკლაოზე იმყოფება ხოლმე სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ატარებს დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებას, რწმუნდება, რომ პროდუქტი საიმედოა, უვნებელია და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს დოკუმენტს – ფორმა N2-ს, რომელზეც დატანილია ვარგისიანობის ვადა. ბოლო პერიოდში სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ავლენს არალეგალურ სასაკლაოებს – გამოქვეყნებულ ფოტოსურათებში ვხედავთ, თუ როგორ იკვლება პათოგენური მიკროორგანიზმებით გაჟღენთილ კერაში ფრინველები და ცხოველები, რომელთა ხორციც შემდეგ, სამწუხაროდ, სარეალიზაციო დახლებზე და ჩვენს სუფრაზე ხვდება და ეს ერთეული შემთხვევები არ არის. კუსტარულ სასაკლაოებზე არავინ არ ამოწმებს ცხოველს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა სალმონელოზი, ციმბირული წყლული და სხვა, რასაც ადამიანი ლეტალურ შედეგამდე მიჰყავს. ამიტომ, როდესაც მომხმარებელი ხორცს არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ქუჩაში, ყველანაირი ეტიკეტის, ფორმა N2-ის გარეშე ყიდულობს, მან უნდა იცოდეს, რომ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს პროდუქტი არასათანადო პირობებში დამუშავდა და თავი უნდა შეიკავოს მისი შეძენისგან.

– როგორ მივხვდეთ, რომ ცხოველი ან ფრინველი ლეგალურ სასაკლაოზეა დაკლული?
– ცხოველის ხორცზე, ძირითადად, კიდურების ნაწილში დაინახავთ ბეჭედს, რაც არის დადასტურება იმისა, რომ ცხოველი ნამდვილად სასაკლაოზე დაიკლა. ამის გარდა, უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტი, რომელზეც დატანილია ცხოველის გაზრდის ადგილი, დაკვლის თარიღი, ვარგისიანობის ვადა, რაც ადასტურებს, რომ ხორცი შესაბამის პირობებში დამუშავდა. ამ დოკუმენტების გარეშე ხორცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ, მიუხედავად მისი მიმზიდველი დაბალი ფასისა.
– ცოტა ხნის წინ თქვენს პლატფორმაზე „სერთიფუდი“ გამოაქვეყნეთ ვიდეო მავნე ფერადი ცუკატების შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბაზარი გაჯერებულია ცუკატებით გამომცხვარი პასკებით.
– ჩვენი ვიდეორგოლი მართლაც ვირუსულად გავრცელდა. მასში ვსაუბრობთ ცუკატში არსებულ, სინთეზური გზით, ნავთობპროდუქტებისგან მიღებულ, აზორუბინის სახელით ცნობილ საღებავზე – E122. მისი უარყოფითი გავლენა ბავშვთა ყურადღებიანობასა და აქტივობაზე, ასევე ასთმიან და ალერგიულ პირებზე უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტითაა დადასტურებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს საღებავი არ არის აკრძალული ევროკავშირში და არც საქართველოში, ბიზნესოპერატორს კანონმდებლობა ავალდებულებს, ამ საღებავის გამოყენების შემთხვევაში, შეფუთვაზე გამოსაჩენ ადგილას, ქართულ ენაზე დაიტანოს ინფორმაცია მისი უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ბავშვებში. შესაბამისად, მომხმარებელს ვურჩევთ, აუცილებლად წაიკითხოს ეტიკეტი და E122-ით შეღებილი ინგრედიენტების მქონე პროდუქტები მოარიდონ 10 წლამდე ბავშვებს, ასთმის მქონე და ალერგიულ პირებს. აქვე შეგახსენებთ, სურსათის უვნებლობის წესების დარღვევის აღმოჩენისთანავე დაუკავშირდით სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15 01.

– კვერცხის შესაღებად გამოყენებული ფერადი საღებავების შესახებაც ვისაუბროთ და მოხარშული კვერცხის შენახვასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც გაგვიზიარეთ.
– კვერცხის შესაღებად განკუთვნილ ბაზარზე არსებულ საღებავებს რომ გადავხედეთ, სამწუხაროდ, მათშიც E122-ს გადავაწყდით, ასევე E110-ს, რომელიც მსგავსი ეფექტით ხასიათდება. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევთ, თუკი კვერცხის შესაღება, ენდროს ან სხვა ბუნებრივი საღებავის ნაცვლად, მაინც ამ საღებავების გამოყენებას გადაწყვეტთ, ეს პროდუქტიც მოარიდოთ ბავშვებს, ასთმის მქონე და ალერგიულ პირებს.
რაც შეეხება მოხარშული კვერცხის შენახვის წესებს, კვერცხი მიეკუთვნება განსაკუთრებით მალფუჭებად სურსათს, ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს მაცივარში და არა ოთახის ტემპერატურაზე. ენდროს არ აქვს არანაირი დამცავი ფუნქცია და კონსერვაციის უნარი, რომ კვერცხის ვარგისიანობა გაახანგრძლივოს. სამაცივრე პირობებში მოხარშული კვერცხის შენახვის მაქსიმალური ვადა 7 დღეა. გაბზარული კვერცხის შემთხვევაში ვადა მაქსიმალურად მცირდება. მოხარშვამდე გაბზარული კვერცხი კი საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია – მომხმარებელს ხშირად აქვს კითხვა, მოხარშულ კვერცხს გულთან რატომ უჩნდება მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობა, ხომ არ არის ეს კვერცხის გაფუჭების ინდიკატორი. საქმე ის გახლავთ, რომ ხანგრძლივი ხარშვის ან ნელა გაგრილების დროს კვერცხის გულში არსებული რკინა და ცილაში არსებული გოგირდი შედის რეაქციაში და მიიღება რკინის სულფიდი, რაც არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
– და ბოლოს, სადღესასწაულო სუფრისთვის ნაყიდი მზა კერძების შენახვის წესებზეც გავამახვილოთ ყურადღება.
– მზა კერძები ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტი ხნით არ უნდა გავაჩეროთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სუფრაზე მორჩენილი მზა კერძი მაცივარში შენახული სურსათის მთლიან პორციაში არ ჩააბრუნოთ, რადგან ეს კერძის გაფუჭებას აჩქარებს. ცხელი კერძი ყოველთვის გავაცხელოთ პორციებად და მთლიანი კერძი არ გავაცხელოთ რამდენჯერმე, რადგან ამ დროს კერძი ყოვნდება ტემპერატურის საშიშ დიაპაზონში, რაც ასევე იწვევს მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას. რაც შეეხება მზა კერძების შენახვის ვადებს, სამაცივრე პირობებში, საშუალოდ, 72 საათის, ანუ 3 დღის განმავლობაშია რეკომენდებული.