რატომ არ შეიძლება პლასტმასის მეორად ბოთლებში რძის მოთავსება?
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ რძე არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც მარტივად იღებს გარემოდან სხვადასხვა დამაბინძურებლებს, მათ შორის პლასტმასის მეორადი ბოთლიდან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ პლასტმასის მეორადი ბოთლებით რძის შეძენას.
არაბული საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს:
„განვმარტავ რატომ არის საშიში პლასტმასის მეორად ბოთლებში რძის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია – რძე არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც ძალიან მარტივად იღებს გარემოდან სხვადასხვა დამაბინძურებლებს, მათ შორის პლასტმასის მეორადი ბოთლიდან, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ პლასტმასის მეორადი ბოთლებით რძის შეძენას. გარდა იმისა, რომ რძეში შეიძლება პლასტმასის მეორადი ბოთლიდან გადავიდეს პლასტმასის მიკრონაწილაკები, ასევე ასეთი რძის რეალიზაცია ხშირად ხდება ისეთ პირობებში, სადაც არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი და სხვა ჰიგიენური მოთხოვნები. თუ გსურთ მაინცდამაინც გლეხებისგან შეიძინოთ რძე, შეიძინეთ მათგან, ვისაც ჩამოსხმული აქვს ერთჯერად, სპეციალურად რძისთვის განკუთვნილ ბოთლებში ან მრავალჯერად შუშის ბოთლებში, რადგან როგორც აღვნიშნეთ, პლასტმასი შეიძლება იყოს მრავალი დაბინძურების წყარო. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლების უმრავლესობას აჯერებენ, რომ პლასტმასის ბოთლები სტერილიზაციას გადის, რაც მცდარია, რადგან პლასტმასის ბოთლი ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას, შესაბამისად ეს სიტყვები ტყუილია“, – ამბობს არაბული.
