LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მეთვრამეტე თავგადასავალს იწყებს!

109
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

საერთაშორისო პროგრამა წელს შემოდგომის ნაცვლად ზაფხულში გაიმართება – 13 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ქართველი მაყურებელი მსოფლიო თეატრის ვარსკვლავებს შეხვდება:

13-14 ივნისი – „ელიზაბეთ კოსტელო“
რეჟისორი: კშიშტოფ ვარლიკოვსკი, ნოვი თეატრი, პოლონეთი

სამხრეთ აფრიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ მაქვსელ კუთზეეს შემოქმედების პერსონაჟი, ელიზაბეთ კოსტელო მწერლის ერთგვარი ალტერ ეგოა — ფიგურა, რომელიც მისი სახელით საუბრობს, მისი მკითხველების და აკადემიური წრეების კრიტიკასა თუ რისხვას პასუხობს.

პერსონაჟი მსოფლიოში აღიარებული რეჟისორის, კრჟიშტოფ ვარლიკოვსკის თეატრის რეგულარულ და მნიშვნელოვან პერსონაჟადაც იქცა – იგი უკვე მის ხუთ სპექტაკლში გამოჩნდა. ამ სპექტაკლით კი ელიზაბეთ კოსტელო ვარლიკოვსკის დადგმის ცენტრალური ფიგურა გახდა – ეს რეჟისორის ლოგიკური ნაბიჯია პროცესში, რომლის განვითარებაც შესაძლოა მას ვერც განეჭვრიტა, როდესაც ამ პერსონაჟს პირველად მისცა სცენა.

17 ივნისი – „მისანი“
რეჟისორი: მილო რაუ, შაუბიუნე, გერმანია

ომის ფოტოგრაფების ისტორიებსა და პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონოლოგში შვეიცარიელი რეჟისორი, მილო რაუ იკვლევს ჩვენი რწმენების სიმყიფეს. რატომ არის ძალადობა ამდენად მიმზიდველი? რა რჩება მაშინ, როდესაც ომი და ტერორი ანადგურებს იმ სამყაროს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ?

სპექტაკლში ურსინა ლარდი ასრულებს ომის ფოტოგრაფის როლს. ის მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მოგზაურობს ძრწოლისა და შიშის, ძალადობის ამსახველი კადრების მოსაძიებლად. ფოტოგრაფი თითქოს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს ტკივილს და ამავე დროს ხელშეუხებელია. თუმცა ის საბოლოოდ თვითონ ხდება ძალადობის მსხვერპლი. ამის შემდეგ, ომის აღიარებული ფოტოგრაფი გადაიქცევა სკეპტიკურ კასანდრად, რომელიც ცდილობს ებრძოლოს ჩვენი დროის სიბრმავეს.

26 ივნისი – „სხვა ხედვა“ (მუსიკალური თეატრი)
რეჟისორი: ამალია ბენეტი, „სიდს“ დუეტი, მიჰალის ვალასოღლუსა და ალკმინისთან ერთად, საბერძნეთი

დუეტის “სიდს” (მიხალის და ქრისტოს კალკანისი) ჰიბრიდული სცენური კომპოზიცია აერთიანებს ორიგინალურ მუსიკას, თხრობასა და ბერძნულ ტრადიციულ სიმღერას. ნამუშევრის პრემიერა შედგა 2025 წელს Athens Epidaurus Festival-ის ფარგლებში.

სპექტაკლი, ორი ძმის ისტორიის საფუძველზე, იკვლევს ურბანულ ცხოვრებასა და ბუნებას შორის არსებულ დაძაბულობას. ძმები საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას ცდილობენ. კონტრაბასის, კლარნეტის, ფორტეპიანოსა და ელექტრონიკის კომბინაცია მსახიობ-მთხრობელთან ერთა ქმნის მრავალშრიან, კომპლექსურ ხმოვან დრამატურგიას.

11-12 ივლისი – „რანდე-ვუ“
დამდგმელი: ჯეიმს ტიერე; ვიქტორია ტიერე-ჩაპლინთან, ჟან-ბატისტ ტიერესა და აურელია ტიერესთან ერთად, La Compagnie du Hanneton, საფრანგეთი/შვეიცარია

ვიქტორია, ჟან-ბატისტი, აურელია და ჯეიმს ტიერე ათვალიერებენ სურათების ალბომს და უბრუნდებიან წარსული წარმოდგენების ფრაგმენტებს წარმოსახვით მოგზაურობაში. ეს არის ცირკის, თეატრისა და მუსიკ-ჰოლის ისტორიები. ოჯახის ამბავი. წამიერი, მოულოდნელი მომენტების ფეიერვერკი, სადაც წარმოსახვა უპირობოდ დომინირებს.

„ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა ყველანაირი კლიშე, დეტალურად აგვეხსნა პროცესები, გვეთქვა, რომ „Rendez-vous“ არის ფესვებთან დაბრუნება, შემოქმედებითი კულმინაცია, ოჯახური mise en abyme ან წრის დახურვა… მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. თქვენთვის დავტოვებთ წარმოსახვის შესაძლებლობას — იოცნებოთ, წარმოიდგინოთ, ან საერთოდ უგულებელყოთ ეს ყველაფერი — რათა თავისუფლად იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად ამ ჯადოსნური შეხვედრის გულში.“ /ჯეიმს ტიერე.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს, ასევე, აღდგა პროგრამა NEW, რომლის მიზანია საერთაშორისო სცენაზე ახალი არტისტების წარმოჩენა და მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში ფესტივალი ორ პერფორმანსს წარადგენს – “აზნავური: მოგზაურობა დროსა და მუსიკაში” (სომხეთი) და “ჰამლეტი. ბოლო დღეები” (ყაზახეთი).

მაყურებელი ბილეთების შეძენას tkt.ge-ზე შეძლებს.
28 მაისამდე თიბისი კონცეპტის და თიბისი WM-ის Visa ბარათებით 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო შემდგომ ამავე ბარათებით გადახდისას, ბილეთებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

ფესტივალის ინიციატორი და მასპინძელია ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის ოფიციალური სპონსორია Visa TBC Concept – თიბისი კონცეპტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g