Boston Consulting Group-ის (BCG) უახლესი ანგარიშის თანახმად, ჰონგ-კონგმა შვეიცარია ჩამოიტოვა და ტრანსსასაზღვრო (ოფშორული) კაპიტალის მართვის წამყვანი გლობალური ცენტრი გახდა. ეს არის ისტორიული პრეცედენტი, რომლის შეცვლაც ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან აზიური ფინანსური ცენტრები, ევროპულ „უსაფრთხო თავშესაფართან“ შედარებით, ბევრად უფრო სწრაფად იზრდებიან.
BCG-ის 2026 წლის გლობალური სიმდიდრის ანგარიშის (Global Wealth Report) მიხედვით, ჩინეთიდან შემოსულმა კაპიტალმა და 2025 წლის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებების (IPO) ბუმმა ხელი შეუწყო ჰონგ-კონგის გარდაქმნას 2.95 ტრილიონი დოლარის მოცულობის ოფშორულ გიგანტად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის. ამ მაჩვენებლით მან მცირედით გაუსწრო შვეიცარიას, რომლის ტრანსსასაზღვრო კაპიტალის მოცულობამ 2.94 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
„ჰონგ-კონგი სულ უფრო მეტად იმყარებს ჩინეთისთვის გლობალურ ბაზრებზე გასასვლელი კარიბჭის როლს, თუმცა კაპიტალის ეს კონცენტრაცია მის განვითარების ტრაექტორიას მჭიდროდ აკავშირებს მატერიკული ჩინეთის ეკონომიკურ და რეგულატორულ ცვლილებებთან“, – აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.
პროგნოზების თანახმად, 2030 წლამდე როგორც ჰონგ-კონგი, ისე სინგაპური, ტრანსსასაზღვრო კაპიტალის დაჯავშნის ცენტრების სახით, წლიურად, დაახლოებით, 9%-იან ზრდას შეინარჩუნებენ, მაშინ როცა შვეიცარიაში იმავე პერიოდში, საშუალოდ, 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ შედარებით დაბალი ზრდის ტემპის მიუხედავად, შვეიცარიის დივერსიფიცირებული პორტფელი, შესაძლოა, უპირატესობად იქცეს, ვინაიდან ის კლიენტებს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან იზიდავს, მაშინ როცა აზიური ფინანსური ჰაბები მეტწილად ჩინეთის ეკონომიკურ ზრდაზე არიან დამოკიდებულნი.
„საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მნიშვნელობა კლიენტთან სიახლოვეს აქვს“, – აღნიშნა მაიკლ კალიხმა, BCG-ის ანგარიშის თანაავტორმა. მან დასძინა, რომ დღეს მსოფლიოში ორი ძირითადი პოლუსი ყალიბდება: სინგაპური და ჰონგ-კონგი აზიის რეგიონისთვის, ხოლო შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და აშშ – დასავლეთისთვის.
