შვეიცარიაში განხორციელებული წარმატებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ევროპაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებადი ენერგიის წყაროდ ქცევის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება. შვეიცარიული სტარტაპი „Sun-Ways“ საკუთარი ტექნოლოგიის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში ექსპორტს გეგმავს.
ყველაფერი კი შარშან, ვალ-დე-ტრავერსის რეგიონის სოფელ ბუტში, მსოფლიოში პირველად, მოქმედ სარკინიგზო ლიანდაგებს შორის 100 მეტრის სიგრძეზე ფოტოელექტრული (PV) პანელების მონტაჟით დაიწყო. საწყისი გეგმით, პროექტი სამწლიან ტესტირებას ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებშიც 48 სპეციალური კონსტრუქციის პანელი განათავსეს, ჯამური სიმძლავრით 18 კვტ/სთ. თუმცა, მიღებული დადებითი შედეგების საფუძველზე (პირველივე წელს 16 000 კვტ/სთ ელექტროენერგია გამომუშავავდა), აღნიშნულ მონაკვეთზე მუდმივი სისტემის დანერგვა საცდელი ვადის ამოწურვამდე გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის კომპანიამ მაღალი მდგრადობის ანტიამრეკლი პანელები შეიმუშავა. აღჭურვილობაში ჩაშენებულია სენსორები, ხოლო მატარებლებზე დამონტაჟებული სპეციალური ჯაგრისები უზრუნველყოფენ ზედაპირის ავტომატურ წმენდას.
შვეიცარიული მოდელის წარმატების ფონზე, „Sun-Ways“-მა უკვე გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება იტალიელ პარტნიორთან, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს იტალიის ეროვნული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერატორთან (Rete Ferroviaria Italiana). შედეგად, საპილოტე პროექტი იტალიაში უახლოეს თვეებში დაიწყება.
გარდა ამისა, სტარტაპმა უკვე მიიღო სამთავრობო ნებართვა სამხრეთ კორეაში ანალოგიური სისტემის დასანერგად, ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნიდერლანდებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და სინგაპურთან.
