LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსტრემალური სიცხე პრობლემებს უქმნის იტალიის „ყველის ბანკებს“, სადაც პარმიჯანო რეჯანო ფერმერებისთვის აგროსესხის უზრუნველყოფის საშუალებაა

105
პარმიჯანო რეჯანო

ჩრდილოეთ იტალიაში ექსტრემალურმა სიცხემ პრობლემები შეუქმნა იმ საწყობებს, სადაც რეგიონული ბანკები დაძველების პროცესში მყოფ ყველს ინახავენ იმ თანხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ფერმერებისთვის გასცემენ.

საფინანსო ინსტიტუტმა „Credito Emiliano“ 1953 წლიდან დაიწყო პარმიჯანო რეჯანოს (Parmigiano Reggiano) დაუძველებელი ან ახალი თავების გირაოს სახით მიღება. მისი შვილობილი კომპანია Magazzini Generali delle Tagliate ყველს რეჯო-ემილიასა და მოდენაში აძველებს. ის ნახევარ მილიონზე მეტ ყველის თავს ინახავს, რომელთა ღირებულებაც 300 მილიონ ევროს აჭარბებს.

მწარმოებლები პროდუქტის ღირებულების 60-80%-ს წინასწარ იღებენ, ვინაიდან პარმიჯანოს დასაძველებლად მინიმუმ 12 თვე სჭირდება, ზოგჯერ კი – 24 ან 36 თვე.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ახლა ფერმერებს საშუალებას აძლევს, ყველი გირაოდ ჩადონ ისე, რომ ის მათსავე საცავებში დარჩეს, რითაც ბანკის საკრედიტო შესაძლებლობები ორმაგდება.

თუმცა წლევანდელი სიცხის გამო მარაგების სათანადო ტემპერატურაზე შენარჩუნება სარისკო გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ საცავებში ელექტროენერგიის ყოველდღიური მოხმარება, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა, ბანკს გაგრილების სისტემებისა და ქვაბების მოდერნიზება, დამატებითი თბოიზოლაციის მოწყობა და განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოება დასჭირდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველი ზოგჯერ სამი წლის განმავლობაში ძველდება, ყოველი ცხელი ზაფხული ხარჯებს სულ უფრო და უფრო ზრდის, რაც, ცხადია, შემდეგ პარმიჯანო რეჯანოს ფასზეც აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები