LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტეხის კერამო ბლოკი“ – ადგილობრივი რესურსების, საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის ეფექტური ინტეგრაცია

135
ვასილ ბაბლუანი

მეტეხის კერამო ბლოკი“, რომელიც პოზიციონირებს როგორც ინოვაციური, ეკოლოგიური და კონკურენტუნარიანი ქართული ბრენდი, კერამიკული სამშენებლო ბლოკების მწარმოებელი კომპანიაა. ის კასპის რაიონში, სოფელ მეტეხში ფუნქციონირებს და მისი პროდუქცია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო საჭიროებებს პასუხობს.

ვასილ ბაბლუანი, კომპანიის „მეტეხის კერამო ბლოკი” თანადამფუძნებელი:

– კომპანიის დაფუძნების და სამშენებლო სექტორში თავის დამკვიდრების მთავარი მოტივაცია საქართველოში ევროპული გამოცდილების შემოტანა იყო – 2004 წლიდან ნახევრად ესპანეთში ვცხოვრობ, სწორედ იქ იმის თვალნათლივ დანახვამ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ნედლეულისთვის უპირატესობის მინიჭება და რამდენად დიდია სარგებელი, რომელიც თიხის გადამუშავებით მიღებული სამშენებლო მასალების გამოყენებას ახლავს, გადავწყვიტეთ, ის პირველი ქართული კომპანია გავმხდარიყავით, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ქართულ ნედლეულზე დამზადებული მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას აწარმოებდა.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც კერამო ბლოკს ვახსენებთ, ბევრი ვერ ხვდება, რა ტიპის პროდუქტზეა საუბარი, რადგან ბაზარი უმეტესად ბეტონის, ცემენტის ან სხვა ტიპის ბლოკებით არის გაჯერებული. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული, ევროპული სტანდარტების თიხის სამშენებლო ბლოკი. ქართული აგურის, ასე ვთქვათ, შვილიშვილია, ევროპამოვლილი და მომავალზე ორიენტირებული. ანუ ჩვენ წარმოებას საფუძვლად დავუდეთ ესპანური მრავალწლიანი გამოცდილება და ადგილობრივი მაღალი ხარისხის თიხის მარაგები.

– რას ნიშნავს ევროპული სტანდარტი?

– ევროპული სტანდარტი გულისხმობს (მითუმეტეს ისეთი ტიპის სექტორში, როგორც სამშენებლოა) ტრადიციების გაგრძელებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ხარისხის მკაცრ კონტროლს. კერამო ბლოკის წარმოება სწორედ რომ ტრადიციის აღდგენას ნიშნავს – მოგეხსენებათ, საქართველოში სახლებს თიხის აგურით და რიყის ქვით აშენებდნენ და თიხა იყო უფრო დომინანტი, დღეს კი ის თითქმის არ გამოიყენება. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაძლებენ თიხისგან დამზადებული პროდუქტების კონკურენტები, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ და ამის არაერთი დასტური გვაქვს, რომ თიხა საუკუნეებს უძლებს.

– რა გამოწვევებს აწყდებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე?

– ალბათ ის, რომ სამშენებლო მასალების ხარისხს სათანადო ყურადღება არ ექცევა, კედელს შიგნით რა არის, ამაზე ნაკლებად არის შემსყიდველი ორიენტირებული. ამიტომაცაა, რომ ჩვენს პროდუქტს, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრადიციულია, ბაზარი ჯერ კარგად არ იცნობს. წარმოიდგინეთ, თუ დღეს საქართველოში დომინირებს მზეზე გამშრალი სხვა ტიპის სამშენებლო მასალები, ჩვენი კერამიკული ბლოკი 900 გრადუსზე იწვება, რაც აყალიბებს ისეთ ფუნქციურ მახასიათებლებს, როგორიცაა თბოიზოლაცია, აკუსტიკური ეფექტურობა, კონსტრუქციული სიმტკიცე და წონის ოპტიმალური ბალანსი.

– ალბათ, სწორედ ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე იზრდება მსოფლიოში ინტერესი კერამიკული სამშენებლო მასალების მიმართ.

– რა თქმა უნდა. იმ ქვეყნებში, ესპანეთის მსგავსად, სადაც თიხა მოიპოვება, სხვა სამშენებლო მასალა არც განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ბევრი სხვა ტიპის და ბევრად იაფი სამშენებლო მასალა იქმნება, ვერაფერმა შეცვალა თიხის ნაწარმი. სხვათა შორის, ჩვენ წარმოება საქართველოში ესპანეთის ქალაქ გრანადიდან გადმოვიტანეთ, მოქმედი ქარხანა დავშალეთ და შემდეგ მეტეხში ავაწყვეთ. ესპანური გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებით ქართულ თიხას შეერწყა, რაც ნამდვილად რთული პროცესი იყო, მაგრამ დღეს უკვე გვაქვს უმაღლესი ხარისხის, ევროპული ტიპის, 100%-ით ქართული წარმომავლობის, ყოველგვარი დანამატებისგან თავისუფალი სამშენებლო მასალის წარმოების შესაძლებლობა.

– რას უნდა მიექცეს ყურადღება კედლის მასალის არჩევისას?

– ალბათ, ხშირად გსმენიათ, სახლი ვერ გავათბე, ტემპერატურა ვერ შევინარჩუნე. აი, სწორედ ამ ტიპის პრობლემებს აგვარებს ქართული კერამიკული ბლოკი. მას აქვს უიშვიათესი თბოიზოლაცია, თითქმის 100%-ით ინარჩუნებს ტემპერატურას შიგნით და გარეთ, არ აქვს პრობლემა ყინვაზე, ნესტზე, ცეცხლზე. მაგალითად, თუ თანამედროვე მასალებით ნაგებ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ის მასალა შესაცვლელი იქნება,  ჩვენს პროდუქტს კი, გამომდინარე იქიდან, რომ 900 გრადუსზე იწვება, საერთოდ არ ემუქრება ეს პრობლემა. შესაბამისად, ის, ვინც სახლს ყიდულობს, უნდა მოიკითხოს, კედლები ნაშენებია თუ არა კერამიკული ტიპის მასალით. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს საწარმოში ამჟამად 6 ტიპის სამშენებლო ბლოკი იწარმოება. ისინი გამოიყენება, როგორც შიდა ტიხრებისთვის, ისე გარე კედლებისთვის. ბლოკები ერთმანეთზე კარგად ეწყობა, „კბილებით“ ერთმანეთში კარგად ჯდება, რისი წყალობითაც ნაკლები წებოცემენტი სჭირდება. ამ და კიდევ სხვა ბევრი ნიუანსიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი კერამიკული ბლოკები ამარტივებს მშენებლობის პროცესს.

– როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ კერამიკული მასალა ნამდვილად ხარისხიანია?

– ქართველი ადამიანი თიხას კარგად ცნობს, იქიდან გამომდინარე, რომ თიხისგან საქართველოში ბევრი რამ მზადდება (ქვევრი, საოჯახო ნივთები და სხვა). სხვათა შორის, არ არსებობს მომხმარებელი, ვისაც ჩვენი პროდუქტი უნახავს და არ ეყიდოს, განსაკუთრებით მათ, ვინც კერძო სახლს აშენებს. რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე ვართ და მოხარულები ვართ, რომ არ გვყავს ნაწყენი მომხმარებელი. მეტიც, ვამაყობთ, რომ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებასაც ვუწყობთ ხელს – ვცდილობთ, მხოლოდ ვიზუალურ მახასიათებლებზე კი არ იყოს მომხმარებლის არჩევანი დაფუძნებული, არამედ ისინი ყურადღებას მასალების ხარისხსა და ტექნიკურ მახასიათებლებზეც ამახვილებდნენ, რადგან სწორად შერჩეული სამშენებლო მასალა ეხმარება სახლს ტემპერატურის შენარჩუნებაში, ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ქმნის უფრო კომფორტულ გარემოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g