იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილის, Ferrari Luce-ის ოფიციალურ პრემიერამდე ერთი დღით ადრე რომში დახურული პრეზენტაცია გამართა, თუმცა ღონისძიებამ მედიისა და ავტო ბლოგერების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ღონისძიებაზე მიწვეულ პირებს კონფიდენციალურობის მკაცრ პირობებზე მოუწიათ დათანხმება. შეთანხმების თანახმად, თუ ვინმე Luce-ის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პრემიერამდე გაასაჯაროებდა, Ferrari-ს მისთვის 600 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრების უფლება ექნებოდა.
ბლოგერების განცხადებით, სტუმრებს უსაფრთხოების მრავალსაფეხურიანი კონტროლის გავლა ოთხჯერ მოუწიათ. მათ უმოწმებდნენ ვიდეოგადაღების მოწყობილობებს, ხოლო ტელეფონებსა და ლეპტოპებზე კამერები დაულუქეს ან საერთოდ ჩამოართვეს.
ღონისძიების ფარგლებში მხოლოდ რამდენიმე სტუმარს მიეცა შესაძლებლობა, Luce სპეციალურ პოლიგონზე გამოეცადა. დანარჩენმა დაახლოებით 200-მა სტუმარმა ავტომობილის მართვაც კი ვერ შეძლო, რადგან გამოფენილი მანქანების ნაწილი პროტოტიპები იყო.

Luce-თან უშუალო გაცნობისთვის დამსწრეებს მხოლოდ 30 წუთი დაეთმოთ, ხოლო ვიდეოკონტენტის შესაქმნელად დამოუკიდებელი გადაღების ნაცვლად Ferrari-ის მიერ მომზადებული ოფიციალური მასალების გამოყენება მოუწიათ.
აღსანიშნავია, რომ Ferrari Luce ბრენდის ისტორიაში პირველი სრულად ელექტრული მოდელია. ავტომობილი 1050 ცხენის ძალის სიმძლავრითაა აღჭურვილი.