თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გუშინ მიიღო.
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დამნაშავემ უმაღლესი სასჯელი მიიღოს – მივმართავ გარეთ დარჩენილებს: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! სახლში თქვენთვის დავბრუნდი!“ – გიგა ავალიანის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მე ჩამოყალიბებულ მკვლელებს და მოძალადეებს წავაწყდი, არ ვიცნობდი მათ, მაგრამ საქმის მასალებში სურათები არის და პატარა, 3 წლის ალექსანდრე გაბაშვილის სურათს რომ ვუყურებდი, გიყურებს გულუბრყვილო და მოსიყვარულე ბავშვი, ესენი მკვლელებად არ დაბადებულან, ისინი მკვლელებად გაზარდეს ოჯახებმა[…]
ერთი რამ მინდა ვთქვა, რამაც დამწყვიტა გული, მე ა.ნ-ს და დ. ჩ-ს საბოლოო სასამართლო სიტყვაზე მივედი. მაინტერესებდა მათი რეაქცია, მათ სახეზე არ იყო არც სინანული და არც მწუხარება. როცა დ.ჩ-ს სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მე გავიფიქრე, რომ თუ ის სინანულს გამოხატავდა, მე სასამართლოს მის შეწყალებას ვთხვოვდი. დ.ჩ-ს რამდენჯერმე მივმართე და ვუთხარი, რომ ის ციხიდან ვერ გამოვიდოდა ბედნიერი და რომ მას უნდა აერჩია ღირსება. მშობლებმა არაფერი ათქმევინეს. ეს იყო მშობლების და ადვოკატების გადაწაყტვეტილება, მათ არ მისცეს უფლება, რომ თუნდაც წამიერად მასში ადამიანობას გაეღვიძებინა“ – ამბობს ეკა კუპატაძე „ფორმულას“ ეთერში.
