ამერიკულმა კომპანიებმა General Motors-მა და Goodyear-მა მთვარის ზედაპირზე გადასაადგილებელი ახალი ელექტრომობილის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. პროექტს სტარტაპი Lunar Outpost ხელმძღვანელობს, რომელიც NASA-ს მისიის – Artemis IV ნაწილი გახდა.
ახალ მთვარემობილს Pegasus-ი ეწოდება. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპანიის ადრეული კონცეფციისგან, რომელიც უფრო ფუტურისტულ პიკაპს ჰგავდა. ახალი მოდელი გაცილებით კომპაქტურია და ძირითადად ორი ასტრონავტის გადასაყვანად იქნება განკუთვნილი.
პროექტის მიხედვით, Pegasus ოთხ ელექტროძრავს მიიღებს – თითო ბორბალზე თითოს. ენერგოსისტემა General Motors-ის Ultium პლატფორმაზე დაფუძნდება, რომელსაც კომპანია საკუთარ სერიულ ელექტრომობილებშიც იყენებს.
ინჟინრების გათვლებით, მთვარემობილი ერთი დამუხტვით მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 900 კილომეტრის გავლას შეძლებს, თუმცა მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 14 კმ/სთ იქნება. დაბალი სიჩქარე მთვარის რთული რელიეფითა და უსაფრთხოების მოთხოვნებით არის განპირობებული.

Pegasus-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ავტონომიური მართვის შესაძლებლობა იქნება. საჭიროების შემთხვევაში ის ეკიპაჟის გარეშე, დისტანციურად ან სრულად ავტომატურ რეჟიმში იმოძრავებს.
NASA-ს გრძელვადიანი გეგმა მთვარეზე მუდმივი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რის გამოც მომავალში მსგავსი ავტომობილების შედარებით მასობრივი წარმოებაც განიხილება.

ამავდროულად, საკუთარი მთვარის ტრანსპორტის პროექტზე მუშაობს Japan Aerospace Exploration Agency, რომელიც Toyota-სთან თანამშრომლობს. იაპონურმა კომპანიამ თავისი მოდელის კონცეფცია ჯერ კიდევ 2023 წელს წარადგინა.
თუ პროექტი გეგმის მიხედვით განვითარდება, Pegasus-ი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი პირველი ელექტრომობილი, რომელიც მომავალი ათწლეულის განმავლობაში მთვარის ზედაპირზე რეგულარულად იმოძრავებს.
