LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი ახალი რეკორდისთვის ემზადება – Space X-ის შეფასება 1.75 ტრილიონ დოლარს აღწევს

112
ქირიას NEWS შაბლონი (2)

SpaceX საფონდო ბირჟაზე გასვლის წინ რეკორდულ შეფასებას იღებს. კომპანია გეგმავს აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) განხორციელებას, რომლის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.75 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შესაძლოა ისტორიაში უდიდესი IPO, რაც აქამდე ბაზარზე ყოფილა. სიახლის შესახებ EuroNEws-ი წერს.

კომპანია დაახლოებით 555.6 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს, თითო აქციის სამიზნე ფასად 135 დოლარი განისაზღვრა. ამ გზით SpaceX დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას აპირებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წარსულში ჩატარებული მსხვილი IPO-ების მოცულობას.

SpaceX-ის შეფასების მთავარი საფუძველი მისი სატელიტური ინტერნეტის ბიზნესი – Starlink არის, რომელმაც ბოლო წლებში მომხმარებელთა სწრაფი ზრდისა და შემოსავლების მკვეთრი მატების ფონზე კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებში გადამწყვეტი როლი შეასრულა. პარალელურად, ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კომპანიის კოსმოსურ პროგრამებს, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებსა და მარსის ათვისების ამბიციურ გეგმებს.

IPO-ს შედეგად კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი კომპანიაზე კონტროლს კვლავ შეინარჩუნებს. არსებული მონაცემებით, მასკის ხმის უფლების წილი 80%-ზე მეტი იქნება, რაც მას SpaceX-ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას შეუნარჩუნებს.

თუმცა, რეკორდული შეფასების მიუხედავად, კომპანიასთან დაკავშირებით სკეპტიკური მოსაზრებებიც არსებობს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 1.75 ტრილიონი დოლარის შეფასება ძალიან მაღალია კომპანიის ამჟამინდელ ფინანსურ მაჩვენებლებთან შედარებით. გასულ წელს SpaceX-მა მილიარდობით დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა ზარალიც დიდი იყო.

მიუხედავად ამისა, ფინანსურ ბაზრებზე ინტერესი უზარმაზარია და IPO უკვე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო მოვლენად მიიჩნევა. თუ შეთავაზება წარმატებით დასრულდება, SpaceX მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g