დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, კინოსა და თეატრის მსახიობის, კახი კავსაძის დაბადების დღეა – მსახიობი 91 წლის გახდებოდა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, კახი კავსაძეს სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის რეჟისორი სანდრო ელოშვილი და მასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს.
„საკმარისი იყო ერთი წუთით გესაუბრა მასთან, ერთი წუთით გენახა და როგორც ვულკანი, ისე ამოხეთქავდა, ტყვიამფრქვევივით მოგაყრიდა ხმამაღალ სიტყვებს, რაც კი ჰქონდა სათქმელი, შენზე თუ სხვაზე – გეტყოდა, მერე გეჩხუბებოდა, ერთი გემრიელად გამოგლანძღავდა, ბოლოს ამ თვალებით შემოგხედავდა და… გულის გულში იგრძნობდი, რომ შენს წინ ადამიანზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დგას!
თითქოს ყველგან და ყველაფრით დამალა თავისი ტკივილები, ჭეშმარიტი რაინდი იყო და რა გასაკვირია, თუკი არ უნდოდა ვინმეს შესცოდებოდა, ვინმეს შეჰბრალებოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტ ტკივილს გაუძლო, არა იმიტომ რომ სხვაზე მეტი შეხვდა ცხოვრებაში, უბრალოდ მას უნდოდა ასე!
ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საქმროსა და სასიძოს, მესამე კურსზე შეუყვარდა მომავალი მეუღლე და 12 წელი თქმაც კი ვერ გაბედა… შემდეგ 26 წელი იცხოვრეს ერთად, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო ულამაზესი ბელა მირიანაშვილი 23 წელი ეტლით სარგებლობდა… კახიმ კი, როგორც დედოფალი, ხელში აიყვანა და ასე ატარა სიცოცხლის ბოლომდე! ხან რეპეტიციიდან გაიქცეოდა სახლში, ხან სუფრიდან… და აბა ვინმეს გაებედა და რამე ეთქვა ან ეკითხა… ბედნიერებაა, რომ მაქვს უფლება და საშუალება ასე მიყვარდესო!
57 წლის იყო, რომ დაქვრივდა და დარჩენილი 28 წელიწადი მეუღლის ფოტოებს ელაპარაკებოდა, რჩევებს ეკითხებოდა… და აი ეს ორმეტრიანი კაცი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე სავსე იყო სიყვარულით! და რა გასაკვირია, თუკი მერე ასეთი თვალებით უყურებდა სამყაროს…
კახი ძიას როლებზე რა უნდა მოვყვე, ან რა უნდა ვთქვა, საზეპიროებად ვიცით მთელმა ქვეყანამ, მაგრამ არსებობს ერთი ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ყველაზე მეტად აჩვენებს მის ხასიათს და პირველ რიგში მახსენდება ხოლმე, როდესაც მისი სახელი მესმის…
ცხრა აპრილის დილაა, გაგიჟებული გამოვარდა რუსთაველზე, დადის, ჩხუბობს, შფოთავს, როხროხებს… რომ მიუშვა, ალბათ ომს დაიწყებს, მაგრამ მარტოა და თავისთვის რაღაცეებს ლაპარაკობს დამახასიათებელი ემოციურობით!
შემდეგ მშობლიურ რუსთაველის თეატრში შევიდა და პირველივე შემხვედრ კოლეგას ჰკითხა – როგორ ხარო?
მანაც ინსტიქტურად უპასუხა, კარგადო…
– კარგად როგორა ხარ?! კარგად როგორა ხარ?! – და იმდენი ეჩხუბა, ძლივს დაამშვიდეს…
დიდი არტისტიზმის და დიდი იუმორის, დიდი სიყვარულის და დიდი ტკივილის, დიდი ემოციის და დიდი გრძნობების ადამიანი იყო კახო, ხოდა, დღეს მისი დაბადების დღეა!
კახი კავსაძე 91“, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.
