LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითოეული ბგერა და ნოტი, რომელიც შემისრულებია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… ასმაგად სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდებმა, რომლებიც დაბადებულებიც არ იყვნენ იმ დროს, როცა ეს სიმღერები იქმნებოდა, ზეპირად რომ იციან ეს სიმღერები…“ – მერაბ სეფაშვილი

340
მერაბ-სეფაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „შენ ხარ ყველაფერი“ წარუდგინა.

მერაბ, მოგვიყევით თქვენს ახალ სიმღერაზე – „შენ ხარ ყველაფერი“.

პირველ რიგში, მადლობა მიშა გელაშვილს ტექსტისთვის და მუსიკისთვის. ძალიან ნიჭიერი კაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სფეროში არ მუშაობს და არ არის, მისი მუზიცირება, ის რასაც აკეთებს, ძალიან კარგია, ისეთია, როგორიც მე მომწონს და სხვათა შორის, ძალიან გემოვნებიანიც. ხშირად ვერ შეხვდები ადამიანს, რომელიც ამ სფეროში არ მუშაობს და ასეთი დახვეწილი გემოვნება აქვს.

ნაშრომისთვის დიდი მადლობა აჩი ოშხერელს, რომლის არანჟირებაცაა, ჩვენი საერთო ნამუშევარია, იქ მუსიკოსები, მომღერლებიც არიან.

სიმღერის საკონცერტო პრემიერა უკვე შედგა?

არა, ჯერ არ შესრულებულა.

როგორია სამომავლო გეგმები?

სამტრედიაში მაქვს კონცერტი 17 ივლისს.

პატარა განცხადება გავაკეთე, სად გინდათ, რომ კონცერტი ჩავატარო-მეთქი და უცებ, ყველა რეგიონიდან, ყველა რაიონიდან, ყველა ქალაქიდან წამოვიდა თხოვნა და მომიწევს ჩასვლა.

ყველგან კარგია, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის კონცერტი, სამტრედიაში, თელავში, თბილისში, განწყობა მაინც ერთია, პასუხისმგებლობა მაინც ერთია და განცდებიც იგივე. ოდნავ განსხვავებული მსმენელი კი არის აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ყველა თავისებურ ემოციას გამოხატავს და ძალიან მაგარია, სხვათა შორის. ამით ხასიათში განსხვავებას არ ვუსვამ ხაზს, უბრალოდ, სიმღერის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაა.

მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, ის არის, როცა მსმენელმა, მაყურებელმა, ვინც კონცერტზე მოდის, ყველა სიტყვა ზეპირად იცის და შენთან ერთად მღერის…

რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობისთვის. თუ ეს არ არის, მაშინ, ესე იგი ტყუილად აკეთებ.

ძალიან რთულია, რომ მომღერალს ყველა სიმღერა ჰიტი ჰქონდეს… როგორ ახერხებთ ამას, რამე საიდუმლო თუ არსებობს?

საიდუმლო არ არის, უბრალოდ, ყველაფერს პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე. ყველა მუსიკოსი, ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და ვის რა მოსწონს. ეტყობა, რაც მე მომწონს და რასაც მე ვაკეთებ, ეს მოსწონს მეტ ადამიანს. რა თქმა უნდა, გამოცდილება, მუსიკალური გემოვნება, რაღაცის ცოდნა, ეს ყველაფერი ერთად მნიშვნელოვანია.

საერთოდ, იცით, რა მაგიჟებს?! ასჯერ, ასმაგად სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდებმა, რომლებიც დაბადებულებიც არ იყვნენ იმ დროს, როცა ეს სიმღერები იქნებოდა, ზეპირად რომ იციან ეს სიმღერები… ძალიან მაგარია… ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ტექსტის ავტორს და კომპოზიტორს, ვინც ეს სიმღერები შექმნა. თითოეული ბგერა და ნოტი, რომელიც შემისრულებია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მერაბ სეფაშვილი – შენ ხარ ყველაფერი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მერაბ სეფაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები