მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტი უკვე სერიოზული ბიზნესია. სამიდან ორზე მეტ მეწარმეს (75%-ზე მეტს) AI ნაწილობრივ მაინც აქვს ინტეგრირებული საკუთარ ბიზნესში, ხოლო ყოველი მეათე აცხადებს მზადყოფნას მის სრულ ინტეგრაციაზე.
ეს მონაცემები ეყრდნობა აუდიტორული კომპანიის Ernst & Young ახალ კვლევას, რომელშიც აშშ-ში მოქმედი 500 მეწარმე მონაწილეობდა, რომელთა წლიური შემოსავალი 5 მილიონ აშშ დოლარს ან მეტს შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ მეწარმეები სულ უფრო მეტად მოელიან AI-ში განხორციელებული ინვესტიციებისგან გაზომვადი ბიზნეს შედეგების მიღებას, განსაკუთრებით გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით შემოსავლების ზრდის, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და საოპერაციო ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.
როგორც ირკვევა, მეწარმეთა უმრავლესობისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაო პროცესის გარდაქმნაა (რედიზაინი) და არა შტატების შემცირება. თითქმის 10-დან 9 (88%) ელის სამუშაო ძალის ზრდას მომდევნო 12 თვის განმავლობაში. „რუტინული ამოცანების ავტომატიზაციასთან ერთად, თანამშრომლებს შეუძლიათ მეტი ყურადღება დაუთმონ კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემების გადაჭრასა და მომხმარებლებთან ურთიერთობას,“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ამავდროულად, თითქმის ყველა რესპონდენტი მოელის, რომ AI გარდაქმნის სამუშაო ძალის სტრატეგიას, ხოლო 42%-ი ახორციელებს პოზიციების რედიზაინს ადამიანური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გასაერთიანებლად.
მიუხედავად ამისა, მესამედზე მეტი (37%) ზრდის დაბრკოლებად კადრების დეფიციტს ასახელებს, ხოლო თითქმის ნახევარი (46%) AI-ის მასშტაბირების ბარიერად ტექნიკური ცოდნისა და ექსპერტიზის ნაკლებობას მიიჩნევს. სამუშაო ადგილების რედიზაინთან ერთად, კომპანიები გეგმავენ AI და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების დაქირავების ზრდას (35%) და თანამშრომელთა მასშტაბურ გადამზადებას/კვალიფიკაციის ამაღლებას (38%).
