Lexus-ი პრემიუმ მობილობის ახალი სერვისის – Lexus Flight-ის ჩაშვებას გეგმავს. კომპანია მომხმარებლებს ავტომობილით გადაადგილების გარდა, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობასაც შესთავაზებს. პირველი რეისი 24 აგვისტოს არის დაგეგმილი, თუმცა მისი ზუსტი ადგილი ჯერჯერობით არ სახელდება.
Lexus-ის ახალი სერვისი თანამედროვე სამგზავრო დრონებს ან მფრინავ ავტომობილებს არ გამოიყენებს. მგზავრების გადასაყვანად კომპანია Leonardo-ს AW169 ტიპის ტრადიციულ ვერტმფრენებს გამოიყენებს. საჰაერო ხომალდში შვიდამდე მგზავრი ეტევა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 267 კმ/სთ-ს აღწევს.

ვერტმფრენები სპეციალურად Lexus-ის სტილში იქნება გაფორმებული, მათ შორის სალონიც, სადაც პრემიუმ მარკისთვის დამახასიათებელი მასალები და დიზაინი გამოიყენება. თავად ვერტმფრენებს Lexus-ი არ აწარმოებს – სერვისის ოპერატორი Aero Toyota იქნება, რომელიც Toyota-ს ჯგუფში შედის.
Lexus-ის განცხადებით, ახალი პროექტი კომპანიის უფრო ფართო კონცეფციის – „ფუფუნების მობილობის“ ნაწილია. იდეა ითვალისწინებს მომხმარებლის გადაადგილებას ხმელეთზე, ჰაერსა და წყალზე. შესაბამისად, Lexus-ის პრემიუმ სერვისი მხოლოდ ავტომობილით მგზავრობით აღარ შემოიფარგლება.

ამ ეტაპზე კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ მარშრუტებზე და რა მიზნით გადაიყვანს Lexus Flight-ი მგზავრებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირველი რეისი 24 აგვისტოს უნდა შესრულდეს და პროექტის ფარგლებში Lexus-ის მომხმარებლებს ახალი ტიპის პრემიუმ საჰაერო მომსახურებას შესთავაზებენ.