LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – რას ითვალისწინებს ცვლილება

1552
საგზაო უსაფრთხოება

bpn.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება.

სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა ნათქვამია, რომ საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი ვადის დანერგვა იგეგმება.

როგორც საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტშია აღნიშნული, ამ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალბედა მძღოლებისთვის უფრო მკაცრი რეაგირების მექანიზმები იმოქმედებს, რაც მათი ქცევის კორექტირებას შეუწყობს ხელს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ახალბედა მძღოლები საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, იგეგმება მათთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა. აღნიშნული პერიოდის ფარგლებში იგეგმება ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ დიფერენცირებული და უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ფინანსური სანქციების გამკაცრებისა და მართვის მოწმობის ქულების გაზრდილი რაოდენობით ჩამოკლების გზით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს დამწყები მძღოლების ქცევის კორექტირებას, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას და, საბოლოო ჯამში, მათი მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას. სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალბედა მძღოლების მხრიდან წარმოშობილი რისკების შემცირება. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადებამდე, სამოქმედო გეგმას დაემატება შესაბამისი კვლევის ჩატარების აქტივობა,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო შეფასება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს.

შეფასების შუალედური ანგარიში მომზადდება 2029 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა), ხოლო საბოლოო ანგარიში – 2031 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა). საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 98 923 578 ლარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები