„დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში, ჟურნალისტებს განუცხადა.
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა
ირაკლი კობახიძის თქმით, შინდისის გმირობის მაგალითზე თაობები უნდა გაიზარდონ.
„ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მინდა მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა, ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. მათი გმირობა არის და იქნება სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
დღეს შინდისის გმირების დღეა.
18 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსებთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
22-მა ქართველმა გმირმა მეომარმა, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში არნახული სიმამაცე გამოიჩინა. 22 მეომრიდან გადარჩა მხოლოდ 5.
რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
