LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ ქართულ ფილმს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენს – ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

108
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ქვეყნის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმის წარდგენა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოხდება.

ჯილდოზე წარსადგენი ფილმის შესარჩევად ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსი, რომელზეც საკონკურსო განაცხადებს 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს 17:00 საათამდე  მიიღებს.

„ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, მათ შორის: ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 40 წუთს; უნდა იყოს წარმოებული საქართველოში; ფილმის დიალოგების 50% უნდა იყოს არა ინგლისურ ენაზე; ფილმი კომერციულ კინოთეატრში საჯაროდ ზედიზედ მინიმუმ 7 დღის განმავლობაში უნდა იყოს ნაჩვენები; შემოქმედებითი ჯგუფის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები; ქვეყნის მიერ ნომინაციაზე წარსადგენი ფილმის დასრულების თარიღები უნდა მოიცავდეს 2025 წლის 1 ოქტომბერს და 2026 წლის 30 სექტემბრის შუალედს.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს კინოცენტრის ოფიციალურ ფოსტაზე [email protected]. წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკურსის თაობაზე იხ. https://shorturl.at/PD9BH.

წარსადგენ კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. შედეგები 2026 წლის 14 სექტემბრამდე გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.