LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ იოსელიანი: „ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“

109
თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გერმანული კომპანია amd.sigma ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს.

„დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორედ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. საქართველოში საავიაციო სექტორი სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ განვავითაროთ ახალი აეროპორტი, რომელიც შეძლებს რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს და რომელიც ოპერირებაში უნდა შევიდეს 2032 წლიდან“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტი კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის  დაკავშირებადობას.

„აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შესაბამისად, გვქონდეს წვდომა შესაბამის გლობალურ ბაზრებთან და შევძლოთ როგორც მგზავრების, ასევე ტვირთის მომსახურება და შესაბამისი საავიაციო სერვისების გაწევა“, – განაცხადა იოსელიანმა.

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები