ხორვატიის სანაპიროსთან არქეოლოგებმა დაახლოებით 1300 წლის წინ ჩაძირული ბიზანტიური გემი აღმოაჩინეს, რომლის ბორტზეც დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები და ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები ინახებოდა. აღმოჩენა გვიანი VII ან ადრეული VIII საუკუნით თარიღდება.
არტეფაქტებს შორის დაახლოებით 40 ოქროს ნივთია, რომელთა საერთო წონა 600 გრამზე მეტს შეადგენს. არქეოლოგების ინფორმაციით, ეს ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირულ გემზე აღმოჩენილი ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობაა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ოთხმა ოქროს ქამარმა – ბალთებსა და დეკორატიულ დეტალებს ამშვენებს ზურმუხტი, ლალი და მარგალიტი.
მკვლევრების შეფასებით, ასეთი ძვირფასი ქამრები მაღალი რანგის ბიზანტიელ მოხელეებს ეკუთვნოდათ და იმ პერიოდის სოციალურ სტატუსს გამოხატავდა. არქეოლოგიური მონაცემებით, მსგავსი ძვირფასი ქამრის დეტალები ხმელთაშუა ზღვის წყალქვეშა გათხრებისას აქამდე აღმოჩენილი არ ყოფილა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ოქროს ბეჭედია, რომელზედაც ბიზანტიის იმპერატორის გამოსახულებაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს, სამხედრო მეთაურს ან დიპლომატს ეკუთვნოდა. ბეჭედი შესაძლოა როგორც პირადი ნივთი, ისე დიპლომატიური საჩუქარი ყოფილიყო.
გემზე მხოლოდ ძვირფასეულობა არ აღმოჩნდა. არქეოლოგებმა იპოვეს ოქროს მონეტები, ამფორები, სავაჭრო სასწორები, სპილოს ძვლის ნივთები და კერამიკული ჭურჭელი. მონეტებზე გამოსახული ოთხი იმპერატორი არქეოლოგებს გემის ჩაძირვის პერიოდის უფრო ზუსტად განსაზღვრაში ეხმარება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გემზე მაღალი რანგის მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო თავად ხომალდი ერთდროულად სავაჭრო და სამსახურებრივ ფუნქციას ასრულებდა. გემი, სავარაუდოდ, ყურეში ქარიშხლისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა ზუსტი მიზეზი, რის გამოც ის ჩაიძირა, ჯერ დადგენილი არ არის.
მკვლევრებისთვის აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოქროსა და ძვირფასი ნივთების გამო. გემის შესწავლა საშუალებას იძლევა უკეთ გაირკვეს, როგორ გამოიყურებოდა ბიზანტიური საზღვაო ვაჭრობა და როგორ შენდებოდა გემები ადრეულ შუა საუკუნეებში.