კინოკომპანია – Lionsgate-მა ,,შიმშილის თამაშების” ფილმების სერიის ახალი, მოლოდინით სავსე პრიქუელის – The Hunger Games: Sunrise on the Reaping პრომოკამპანია გრანდიოზულად დაიწყო.
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, როდენის მუზეუმში ექსკლუზიური კოსტიუმების გამოფენა სახელწოდებით – Elegance Is Authority: The Story, Style, And Power of Panem გაიხსნა.
ღონისძიების მთავარი სენსაცია, 20 წლის მსახიობი – მაკენა გრეისი გახდა. ის წითელ ხალიჩაზე იმ საკულტო საქორწილო კაბის ზუსტი რეპლიკით წარდგა, რომელიც ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟს, კეტნის ევერდინს ფილმში ,,შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში” ეცვა.
მაკენასთან ერთად გამოფენას ესწრებოდა მისი კოლეგა, მსახიობი – ჯოზეფ ზადა. ის ღონისძიებაზე ბრენდ – ERL-ის ნაცრისფერ კოსტიუმსა და ტიფანის ძვირფას გულსაბნევში გამოწყობილი გამოჩნდა, რითაც კაპიტოლიუმის გლამურულ სტილს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ორივე მსახიობი მთავარ როლებს ასრულებს ფრენჩაიზის მომავალ ფილმში – Sunrise on the Reaping, რომელიც ეკრანებზე 20 ნოემბერს გამოვა. ჯოზეფ ზადა ჰეიმიჩ აბერნათის, ხოლო მაკენა გრეისი – მეიზილი დონერს განასახიერებს. კინოსურათში სიუჟეტი ვითარდება ორიგინალური ტრილოგიიდან 24 წლით ადრე და ეხება 50-ე შიმშილის თამაშებს, სადაც მე-12 უბნიდან, 17 წლის ჰეიმიჩ აბერნათი მონაწილეობს.