LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასაკის მატების მეშინოდა, მაგრამ ძალიან კარგი ყოფილა… უფრო აფასებ შენს თავს და ხვდები, რომ გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარხარ…“ – რას ნანობს ყველაზე მეტად თიკა ჯამბურია და რა მოსწონს საკუთარ ქალიშვილში

958
თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში, ასაკის მატებასთან ერთად, ის ეტაპი დადგა, როდესაც საკუთარი გამოცდილებითა და სიმშვიდით ხდება, რომელსაც სერიოზული საკითხების გადაწყვეტისას იყენებს. ყველაზე დიდ დროს ქალიშვილს, საკუთარ პროფესიასა და კულინარობას უთმობს. მალე ის და ირინა ბაირამაშვილი საზოგადოებას ახალ პროექტს წარუდგენენ.

თიკა ჯამბურია:

1-ელ ნოემბერს „თათუზაში“ გაიმართება ჩემი და ირინა ბაირამაშვილის ახალი პროექტის პრეზენტაცია, ძველი ქართული სიმღერების საღამო. ეს არის ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები, ისეთი ვერსიებით, რომლებიც, ჩვენც მოგვწონს და გვგონია, რომ ხალხსაც მოეწონება. ვმუშაობთ ზურა მოსიავასა და ჰაჯი ჰაჯიევთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან ისიამოვნებს. ეს კონცერტი მხოლოდ მოსაწვევებით იქნება და გაიმართება „თათუზაში“. რეპერტუარში იქნება „ჯეირანის“ ახალი ვერსია, „ბიჭოვ, ბიჭოვ“, „ათინათი“, რომელსაც ბესო კალანდაძე ასრულებს. ბევრი ისეთი სიმღერა იქნება, რომელიც თითქოს არ უხდება სალონურ საღამოს, მაგრამ ჩვენ მოვახდინეთ.

შენი და ირინას ტანდემი უკვე დიდი ხანია არსებობს…

წლებია, ახლო მეგობრები ვართ. მოგვეწონა ერთად სიმღერა, კარგად გამოგვივიდა.

რა გამოხმაურებას ელოდები ამ პროექტთან დაკავშირებით?

გვინდა, იმ ხალხს, რომლის აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვანახოთ, რა გავაკეთეთ… უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება, ეს პროექტი მოვასმენინოთ ჩვენს გულშემატკივარსაც, უფრო ფართო წრეს.

„ჯეირანი“ შენი სავიზიტო ბარათია. რამდენი წლის იყავი, როცა პირველად შეასრულე?

9 წლის. ყოველთვის მომწონდა ამ სიმღერის შესრულება. ვფიქრობ, ახალი ვერსიაც ძალიან გულში ჩამწვდომი გამოვა.

რა ხდება შენს კაფეში? მახსოვს, როცა წინა ინტერვიუ ჩავწერეთ, ამბობდი, რომ ბევრ რამეს თავად აკეთებ… როგორი მოლოდინები გქონდა და რა გამოვიდა საბოლოოდ?

ყველაზე რთული საქმიანობაა, რაც აქამდე მიცდია. ბევრ სტრესს განვიცდი ამ პროცესში, მიაქვს ბევრი დრო და ენერგია. ძალიან მომწონს, მაგრამ მოწონებიდან ცოტა დაღლაში გადავდივარ. ჯერ არ ვნებდები, მოსწონს ხალხს, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს.

როგორც კულინარს, თავდაჯერება ხომ არ მოგაკლდა, როცა სირთულეებს შეეჯახე?

მე ვარ მაქსიმალისტი. მყავს თანამშრომლები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მაინც ყველაფერში მე ვარ ჩართული. ჩემი კომფორტის ზონა მაინც სცენას უკავშირდება. ახლა უფრო დავაფასე ის პატარა კაფეები და ბიზნესები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ. თურმე, რამხელა შრომას მოითხოვს. ჩემი კაფე ჩემი შვილივითაა, ეს ბრენდი, ყველა დეტალი ჩემი ხელით არის გაკეთებული.

შვილი ახსენე და ნინაზე მოგვიყევი…

15 წლისაა, ჩემზე მაღალია, ჩემზე დიდია, ძალიან კარგი გოგოა, დედას სიყვარული.

რით გგავს შენ და ბექას?

არც მე და არც ბექას ჰგავს ხასიათით. ზუსტად იცის, რა უნდა, ზუსტად იცის, რა არ უნდა, შეუძლია, უარი თქვას, რაზეც მე გამიჭირდებოდა უარის თქმა. ძლიერი გოგოა.

როგორც ვხვდები, მოგწონს მისი ის თვისებები, რაც შენ არ გაქვს.

ძალიან. ბებიამისი ამბობს, კაცის ხასიათი აქვსო, თუმცა მორცხვია.

სცენასთან შეხება არ სურს?

არა და არც არასდროს სურდა.

უფრო საით აპირებს წასვლას პროფესიული კუთხით?

უფრო ბიზნესისკენ. მამის პროფესიას გაჰყვება… მე არ მინდა, რომ ხელოვნებაში იყოს, რადგან არ არის აქ პერსპექტიული. მინდა, ფართოდ გაშალოს ფრთები, ისიამოვნოს ცხოვრებით და არ იწვალოს.

თიკა, კარგად გამოიყურები, სამზარეულოში რომ ტრიალებ, რთული არ არის წონის შენარჩუნება?

პირიქით, ეგ ნაკლები პრობლემაა, რადგან ჭამა სამზარეულოში იშვიათად გინდება. ჩემი მთავარი პრობლემაა გვიან ჭამის სიყვარული. ორთვენახევარია, 18-საათიან დიეტაზე ვარ. ჩემი გამოცდილებით მივხვდი, რომ წონის შესანარჩუნებლად ეს ყველაზე კარგი მეთოდია.

ახლა შენი ცხოვრების რა ეტაპზე ხარ, მყარად დგახარ?

ძალიან. ზუსტად ვიცი, რა მინდა და როგორ. ძალიან მომწონს ის, რაც ხდება ჩემს თავს.

რა მოგწონს ყველაზე მეტად?

ის, რომ გავიზარდე. ბავშვობაში ასაკის მეშინოდა, მაგრამ თურმე კარგი ყოფილა, უფრო გამოცდილი ხარ, მშვიდი, უფრო წყნარად უყურებ პრობლემებს და გადაწყვეტის გზებს. შენი თავი ბევრად უფრო მოგწონს, აფასებ საკუთარ თავს. გარშემო გყავს ის ხალხი, ვინც ნამდვილად შენია.

ამ გზაზე ჩამოგშორდნენ ადამიანები?

კი და ეს ბუნებრივია, ბევრი ადამიანი აღარ არის ჩემს ცხოვრებაში. ზოგი ოჯახის წევრებსაც კარგავს, ამიტომ არ ვთვლი პრობლემად, რომ ჩემ გარშემო მეგობრების რიცხვი შემცირდა. იზრდები, სხვადასხვა შეხედულებები გიჩნდება, აღარ გაქვს საერთო ინტერესები… ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ გაიზრდები, ორი-სამი მეგობარი გეყოლებაო. მაშინ არ მჯეროდა, მაგრამ თავად გამოვცადე.

რამდენად გეხმარება დაღვინება პირად ცხოვრებაში?

ძალიან მეხმარება. აქაც იგივე ხდება. ბევრ რაღაცას სხვანაირად უყურებ. რომ შეიძლება, ბევრი რამ გაატარო და აღარ ინერვიულო. უფრო აფასებ შენს თავს და ხვდები, რომ გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარხარ და ნამდვილად სიამოვნებს შენთან ყოფნა. ბევრ რამეზე თვალს აღარ ხუჭავ. შეიძლება, ისეთმა რაღაცამ გამაღიზიანოს, რაც ახლა საერთოდ არ წარმომიდგენია…

მიზანდასახული ადამიანი ხარ. არის ის, რაც არ გამოგივიდა და ნანობ?

რომ არ გავყევი კლასიკურ საოპერო ვოკალს. ძალიან ვნანობ ამას, ახლა უკვე დაგვიანებულია. ახლა უცხოეთში ვიქნებოდი კარგი ოპერის მომღერალი. ბავშვობაში დედას ხშირად ეუბნებოდნენ, რომ კარგი სოპრანო ვიქნებოდი. ჩემს ბავშვობაში ასეთი წარმოდგენა იყო შექმნილი, რომ საოპერო მომღერალს დიდი წონა უნდა ჰქონოდა. ასეთი არ მინდოდა ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ეს მცდარი შეხედულება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები