სუპერმოდელის, სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ, რანდე გერბერის ვაჟის, პრესლი უოლკერის ტრაგიკული გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ოჯახმა სოციალურ ქსელში პირველი ერთობლივი ემოციური განცხადება გამოაქვეყნა.
სინდი კროუფორდმა, რანდე გერბერმა და მათმა უმცროსმა ქალიშვილმა, კაიამ, საზოგადოებას გულახდილი წერილით ,,ინსტაგრამიდან” მიმართეს. მიმართვას თან პრესლის შავ-თეთრი ფოტო ახლავს.
„განადგურებულები ვართ ჩვენი საყვარელი ვაჟისა და ძმის დაკარგვით. თავს მადლიერად ვგრძნობთ, რომ პრესლი ჩვენ ცხოვრებაში 27 წლის განმავლობაში გვყავდა. ის არის თბილი, მშვენიერი სული, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვართ – ახლა და სამუდამოდ. ძალიან ვამაყობთ იმით, თუ როგორ წარმოაჩინა მან თავი სამყაროში – სიკეთითა და მოწყვლადობით. მადლიერი ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ როგორც ნაცნობებისგან, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან, ვინც ჩვენ ტკივილს იზიარებს. შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვიყვარხარ: დედა, მამა და კაია.“
ოჯახის საერთო განცხადების გარდა, კაია გერბერმა ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკუთარ ,,ინსტაგრამზე” ცალკე, ასევე ძალიან ემოციური და გულწრფელი პოსტი განათავსა. პოსტს კაიამ ბავშვობის ვიდეო დაურთო, სადაც და-ძმა ერთად ცეკვავს.
ამასთან, პოსტს მუსიკალურ ფონად გასდევს ჯეიკ მინჩის სიმღერა – First I Was. კაიამ აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო თემა, რომელზეც ძმასთან გარდაცვალებამდე ისაუბრა.
პრესლი უოლკერ გერბერი 20 სექტემბერს სანტა-მონიკაში, სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამართალდამცველები საქმეს სავარაუდო ზედოზირების მუხლით იძიებენ. ოფიციალური ექსპერტიზის პასუხი კვლავ დაზუსტების პროცესშია.
აღსანიშნავია, რომ პრესლი, რომელიც დედისა და დის მსგავსად თავადაც მოდელი იყო, საჯაროდ და ღიად საუბრობდა საკუთარ პრობლემებზე. სოციალურ ქსელში მას ჰქონდა რუბრიკა – Mental Health Mondays, სადაც დეპრესიასთან, შფოთვასა და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გამოცდილებას სხვებს უზიარებდა.