მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში დიზელის საწვავის მარაგები ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის მიზეზი საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში შექმნილი მასშტაბური შეფერხებები და საწვავის ტრანსპორტირების გაძვირებაა. ვითარება ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებით წნეხს ქმნის და საწვავის ფასების ზრდის რისკსაც აძლიერებს.
ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა და სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-ის ხელმძღვანელმა, სულთან ალ-ჯაბერმა, აბუ-დაბიში გამართულ ენერგეტიკულ გამოფენა – ADIPEC 2026-ზე განაცხადა. მისი შეფასებით, ენერგეტიკული სისტემის წინაშე არსებული პრობლემა მხოლოდ ნავთობის მოპოვების მოცულობას არ უკავშირდება – სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საწვავისა და ენერგორესურსების დროული მიწოდება.

ალ-ჯაბერის განცხადებით, ბოლო პერიოდში მსოფლიო საცავებიდან თითქმის ერთი მილიარდი ბარელი ნავთობი იქნა ამოღებული. ამასთან, ცალკეულ რეგიონებში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაშიც მნიშვნელოვანი დეფიციტი დაფიქსირდა. ეს გარემოებები ენერგეტიკული ბაზრის მოწყვლადობას აჩვენებს და მიუთითებს, რომ არსებული მიწოდების სისტემა გლობალური შეფერხებების მიმართ საკმარისად მდგრადი არ არის.
განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა საწვავის ტრანსპორტირების ხარჯები. ADNOC-ის ხელმძღვანელის თქმით, თუ ადრე ერთი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ღირებულების 5 პროცენტზე ნაკლები ჯდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 30 პროცენტს აჭარბებს. შესაბამისად, ბაზარზე პრობლემას მხოლოდ საწვავის რაოდენობა არ ქმნის – მისი დანიშნულების ადგილამდე მიტანა გაცილებით ძვირი და რთული გახდა.
არსებული ვითარების საპასუხოდ ADNOC-მა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიებთან – OpenAI-სა და G42-თან ტექნოლოგიური თანამშრომლობა დააანონსა. პარტნიორობის მიზანი ენერგეტიკულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვაა, რაც კომპანიას პროცესების ოპტიმიზაციასა და მიწოდების ჯაჭვების ეფექტურობის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს.

დიზელის ბაზარზე დამატებით გავლენას ახდენს ცალკეული ქვეყნების საექსპორტო შეზღუდვებიც.
ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული დაძაბულობა უკვე აისახა ევროპის საწვავის ფასებზეც. გამოცემის ცნობით, გერმანიაში ნავთობპროდუქტები 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51,3 პროცენტით გაძვირდა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების ზრდამ 8,2 პროცენტი შეადგინა. გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი სახელდება.
ექსპერტების შეფასებით, თუ მიწოდების შეფერხებები და ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები გაგრძელდება, ენერგორესურსების ბაზარზე ზეწოლა შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს. დიზელის მარაგების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატვირთო გადაზიდვებისთვის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობისთვის, რადგან ამ სექტორებში დიზელის საწვავი ერთ-ერთი ძირითადი ენერგორესურსია.
