LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ის მოგება მესამე კვარტალში 11%-ით შემცირდა

148
BMW

გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ის მოგება გადასახადების გადახდამდე მესამე კვარტალში წლიურად 11%-ით შემცირდა და 2.1 მილიარდი ევრო შეადგინა. შედეგი ანალიტიკოსების მოლოდინებს დაემთხვა. კომპანია წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციის ხარჯებს ელოდება, რის გამოც ფინანსური პროგნოზის კიდევ ერთხელ შემცირება მოუწია. BMW-ის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება ჩინეთის ბაზარზე არსებული სუსტი მოთხოვნაც.

BMW-ის ძირითად საავტომობილო ბიზნესში საოპერაციო მოგების მარჟა მესამე კვარტალში 3.4%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების 3.1%-იან პროგნოზს აღემატება, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც მარჟა 5.2% იყო, მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მილან ნედელკოვიჩის განცხადებით, საავტომობილო ინდუსტრიაში არსებული ვითარება სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაბამისად, BMW სტრუქტურულ ცვლილებებს დააჩქარებს და გააძლიერებს.

კომპანიამ მოგების პროგნოზი ხუთ თვეზე ნაკლებ დროში უკვე მეორედ შეცვალა. BMW ახლა ვარაუდობს, რომ 2026 წელს მისი ძირითადი საავტომობილო ბიზნესის საოპერაციო მოგების მარჟა მინუს 0.5%-დან პლუს 0.5%-მდე იქნება. შედარებისთვის, ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებელი ორნიშნა იყო.

პროგნოზის შემცირება უკავშირდება მეოთხე კვარტალში მოსალოდნელ რესტრუქტურიზაციის ხარჯებს. ცვლილებების ფარგლებში გერმანიაში დაახლოებით 8 000 სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები