LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სასარგებლო საჩუქარი, რომელიც მეწარმეს მართლა გამოადგება

123
საჩუქარი

შავი პარასკევის ფასდაკლებები კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ პირადი ნივთების, არამედ ისეთი ტექნიკისა და მოწყობილობების შესაძენადაც, რომლებიც მეწარმეებს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. გამოცემა Entrepreneur-მა ბიზნესის მფლობელებისთვის 10 პრაქტიკული საჩუქარი შეარჩია.

მეწარმისთვის საჩუქრის შერჩევა მარტივი არ არის. ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი საქმე, შეხვედრა და ვალდებულება აქვს, შესაძლოა მორიგი მოტივაციური წარწერით გაფორმებული ჭიქა ნაკლებად გამოადგეს. გაცილებით პრაქტიკული არჩევანი შეიძლება იყოს მოწყობილობა, რომელიც მუშაობის პროცესს გაამარტივებს ან დროს დაუზოგავს.

გამოცემა Entrepreneur-ის შერჩევაში მოხვდა როგორც ტექნიკა, ისე მცირე ბიზნესისთვის საჭირო სამუშაო მოწყობილობები.

1. Square Terminal გაყიდვების პროცესის გასამარტივებლად

ეს მოწყობილობა ერთ სისტემაში აერთიანებს გაყიდვების მართვას, ბარათით გადახდას და ქვითრის ბეჭდვას. ის განსაკუთრებით გამოდგება მაღაზიის მფლობელებისთვის, რომლებსაც გადახდის პროცესის გამარტივება სურთ. გამოცემის ინფორმაციით, შავი პარასკევის პერიოდში მისი ფასი 265 დოლარია.

2. Amazon Kindle Paperwhite მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს

ელექტრონულ წიგნებს მეწარმე მოგზაურობისას, შესვენების დროს ან სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც წაიკითხავს. Kindle Paperwhite-ს აქვს 7-დუიმიანი ეკრანი, 16 გბ მეხსიერება და ელემენტი, რომელიც მწარმოებლის მონაცემებით, 12 კვირამდე ძლებს. შავი პარასკევის ფასდაკლებით მისი ღირებულება 130 დოლარია.

3. reMarkable Paper Pro მათთვის, ვინც იდეებს ხელით იწერს

ეს არის ციფრული ბლოკნოტი, რომელიც ხელით წერას, ჩანაწერების გაკეთებასა და ხატვას აერთიანებს. მოწყობილობას 11.8-დუიმიანი ფერადი ეკრანი აქვს და კომპლექტში სპეციალური კალამიც შედის. ის განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმებსა და იდეებზე მუშაობისას ჩანაწერების გაკეთებას ამჯობინებს. ფასდაკლების შემდეგ კომპლექტის ღირებულება დაახლოებით 700 დოლარია.

4. Bose QuietComfort ხმაურისგან თავის დასაღწევად

ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ხშირად მუშაობს საერთო სივრცეში, ოფისში ან გადაადგილებისას. მოწყობილობას ჩაშენებული მიკროფონი და 24 საათამდე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ფასდაკლების შემდეგ მისი ფასი გარკვეულ ფერებში 169 დოლარია.

5. Gloryang 668BT ონლაინმაღაზიებისთვის

ეს თერმული პრინტერი ამანათების გადაზიდვის ეტიკეტების დასაბეჭდად გამოიყენება. მისი დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონთან, პლანშეტთან ან კომპიუტერთან Bluetooth-ისა და USB-ის საშუალებით. განსაკუთრებით პრაქტიკული საჩუქარია მცირე ონლაინმაღაზიის მფლობელისთვის. ფასდაკლებით მისი ღირებულება 43 დოლარია.

6. Anker-ის პორტატული დამტენი ლეპტოპისთვის

მეწარმეებისთვის, რომლებიც ხშირად მუშაობენ კაფეებში, საერთო სამუშაო სივრცეებსა თუ შეხვედრებზე, დამატებითი ენერგიის წყარო მნიშვნელოვანი დამხმარეა. Anker-ის დამტენი რამდენიმე მოწყობილობის დატენვის შესაძლებლობას იძლევა. შავი პარასკევის ფასდაკლებით მისი ფასი დაახლოებით 91 დოლარია.

7. Shure SM7B პოდკასტებისა და ინტერვიუების ჩასაწერად

მიკროფონი განკუთვნილია პოდკასტების, ინტერვიუებისა და აუდიოჩანაწერების შესაქმნელად. მისი კონსტრუქცია ხმას ძირითადად წინ მდებარე წყაროდან იღებს, რაც ჩაწერის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ფასდაკლების შემდეგ მისი ღირებულება 369 დოლარია.

8. Apple Magic Mouse Apple-ის მომხმარებლებისთვის

უკაბელო და დამუხტვადი მაუსი Multi-Touch ზედაპირით გამოირჩევა, რაც დოკუმენტებსა და ვებგვერდებზე გადაადგილებას ამარტივებს. თეთრი მოდელის ფასი შავი პარასკევის პერიოდში დაახლოებით 60 დოლარია.

9. Soundcore P30i ყოველდღიური გამოყენებისთვის

ხმაურის ჩამხშობი უსადენო ყურსასმენები კომპაქტური და პრაქტიკულია. მათი დამტენი ქეისი ტელეფონის სადგამის ფუნქციასაც ასრულებს, ხოლო მწარმოებლის მონაცემებით, საერთო მუშაობის დრო 45 საათამდეა. ფასდაკლების შემდეგ მათი ფასი 24 დოლარია.

10. Soundcore Select 4 Go სამუშაო დღის გასახალისებლად

კომპაქტური Bluetooth დინამიკი ოფისში ან მაღაზიაში მუსიკის მოსასმენად გამოდგება. მას მტვრისა და წყლისგან დაცვის IP67 სტანდარტი აქვს და ერთ დამუხტვაზე 20 საათამდე მუშაობს. შავი პარასკევის შეთავაზებით მისი ფასი 20 დოლარია.

Entrepreneur-ის შეფასებით, მეწარმისთვის საუკეთესო საჩუქარი ის ნივთია, რომელიც მის ყოველდღიურ სამუშაო სტილს შეესაბამება. შესაბამისად, არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფასდაკლების ოდენობა, არამედ ისიც, რამდენად რეალურად გამოადგება ნივთი მის მომავალ მფლობელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები