LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ნახსენებ ფაქტთან არანაირი შეხება არ მაქვს – დიმიტრი ქუმსიშვილი

20180629170726

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას დიდი ხნის წინ მიმართა. ქუმსიშვილის თქმით, ფაქტთან, რაზეც „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში იყო საუბარი, არანაირი შეხება არ აქვს.

„დიდი ხნის წინ მივმართე პროკურატურას. ჩემი მიზანია, დადგინდეს ჭეშმარიტება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ სხვა რაღაც ხდებოდა, უნდა დადგინდეს. ზუსტად ვიცი, რომ არანაირი შემხებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს,“ – განაცხადა  ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საქმეზე ლონდონის სასამართლოში დაბარებას, ქუმსიშვილის თქმით, მან არანაირ გამოკითხვასთან დაკავშირებით წერილი არ მიუღია.

„წერილს, რომელიც ლონდონიდან მივიღე, გავეცი პასუხი. ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი სარჩელი მაქვს პროკურატურაში შეტანილი. ალბათ, პროცესუალურად დალაგდება ყველაფერი ისე, როგორც უნდა დალაგდეს. წერილში ეწერა, რომ არის ერთი ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, სარჩელი შეიტანოს მეორე ჯგუფის მიმართ და მათ შორის, ჩემი სახელიც არის გაჟღერებული, რაზეც პასუხი გავეცი, რომ არანაირი კავშირი არანაირ კონსპირაციასთან არ მაქვს. არ არსებობს გამოკითხვის თარიღები, მსგავსი არაფერი მიმიღია,“ – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის“ დავალიანებების გადავადების საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია უმჯობესია, ფინანსთა სამინისტროსგან იყოს გამოთხოვილი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი იმჟამინდელი მინისტრისთვის – ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს. ქუმსიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მისი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვისაა გამოყენებული და ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

ამასთან, ნოდარ ხადურმაც განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებში მის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g