LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს ბრალი წარედგინა

AVARIA

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მძღოლის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ განუცხადა. ბრალის წარდგენის პროცედურა “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გაიმართა, სადაც სასწრაფოს მძღოლი მკურნალობას გადის.

“ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს და ყველა იმ პირს, ვინც მიიღო აღნიშნული შემთხვევის დროს რამე დაზიანება. სამედიცინო დაწესებულებაში გამოძიების მიერ ბრალი წარედგინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე და მესამე ნაწილებით, რაც გულისხმობს ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ორი პირის სხეულის მძიმე დაზიანებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გამო, სამედიცინო სფერის თანამშრომელთა დატვირთვამ კატასტროფულ ზღვარს გადააჭარბა. “სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ამჟამად უკვე ბრალდებული. ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალთან ერთად 8 იანვრის 09:00 საათიდან მეორე დილის 09:00 საათამდე ქალაქის სხვადასხვა მისამართზე, 32 გამოძახებაზე შეუწყვეტლად გავიდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეისათვის არავინ, მათ შორის გამოძიებაც, არ უშვებს მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლს მძიმე ფიზიკური გადაღლილობის შედეგად შეიძლება მოსვლოდა ფსიქიკური და გონებრივი გათიშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g