საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქე ერთ-ერთი საუკეთესო – ესპანეთის ნაკრები გახლდათ და, როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ. ამაში დასაძრახი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – თანაც მთავარი დეტალი – ანგარიში! – 0:5 მაინც ცუდად ჟღერს, თორემ პრიმერას საუკეთესო კლუბებში მოთამაშე ბიჭები რომ ჩვენს ახალგაზრდებს დაჯაბნიდნენ, ამას რა დიდი მარჩიელობა უნდოდა.
მატჩი ქალაქ ალმერიაში გაიმართა.
მე-17 წუთზე ანგარიში “ევერტონის” ფორვარდმა ჟერარდ დეულოფეუმ გახსნა. 33-ე წუთზე მანვე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.
სწორედ ეს ექსბარსელონელი ბიჭი იყო საუკეთესო თბილისურ შეხვედრაშიც.
მეორე ტაიმში 56-ე წუთზე ბილბაოელმა ინიაკი ვილიამსმა გაიტანა, 65-ე წუთზე დანი სებალიოსმა გამოიჩინა თავი, 84-ე წუთზე კი დეულოფეუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, გადრანი, უბილავა, ლობჟანიძე (ქოჩლაძე, 62), პაპუნაშვილი, კაჭარავა (კერძევაძე, 77), კიტეიშვილი, ფანცულაია (შულაია, 46), ცნობილაძე
ამ წუთისთვის ჩვენები 5 მატჩიდან 6 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და ესტონეთს და სან მარინოს უსწრებენ, ხოლო ხორვატიას, ესპანეთს და შვედეთს ჩამორჩებიან.
მომდევნო მატჩი ჩვენს ახალგაზრდულს უკვე შინ უწევს შვედეთთან. მატჩი 17 ნოემბერს გორშია დაგეგმილი.