ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ თუ რაიმე საფრთხე გაჩნდება, მზად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, წითელას ვირუსის საკითხზე სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან და დღეს შესაბამისი რეკომენდაციებიც გაავრცელეს.
„დღესაც გავავრცელეთ რეკომენდაციები, რომელიც სკოლებში შესაბამისი მოქმედებების გატარებას შეეხებოდა. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ საათობრივად გვექნება კომუნიკაცია სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან. თუ რაღაც ჩარევა დასჭირდა ან რაღაც საფრთხე გაჩნდა, მზად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ ეს წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, სკოლებში ვივლით, ვნახავთ, პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართა, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.